უკრაინა

Welt: უკრაინაში, შესაძლოა, ევროკავშირის სამხედრო მისია გამოჩნდეს

გერმანული გამოცემის, Welt am Sonntag-ის ცნობით, დონბასში პრორუსი სეპარატისტების გააქტიურების ფონზე, ევროკავშირი უკრაინაში ევროპული სამხედრო სასწავლო მისიის გაგზავნას განიხილავს. გერმანული გამოცემა ევროპული საგარეო კავშირების სამსახურის (EEAS) ცნობებს ეყრდნობა.

ინფორმაციას ავრცელებს უკრაინული მედიაც.

კიევსა და მოსკოვს შორის არსებული მუდმივი დაძაბულობის გამო, ევროკავშირი განიხილავს დამოუკიდებელი სამხედრო სასწავლო მისიის შექმნას, სახელით – ევროკავშირის საკონსულტაციო და საწვრთნელი მისია უკრაინაში (EUATM).

EEAS-ის დოკუმენტების მიხედვით, დამოუკიდებელი სამხედრო მისიის შექმნა იქნება უკრაინის მიმართ თანადგომის გამოხატვა, როდესაც რუსეთის მიერ გრძელდება სამხედრო ქმედებები უკრაინის საზღვრებთან და ოკუპირებულ ტერიტორიებზე. 

გერმანული გამოცემის ინფორმაციით, სამხედრო მისიის შექმნის მთავარი ინიციატორები არიან ლიტვა, ლატვია, ესტონეთი, პოლონეთი, რუმინეთი და სლოვაკეთი. ასევე, ამ ქვეყნების პოზიციას მხარს უჭერენ შვედეთი და ფინეთიც. 

EEAS-ის მასალებში ნათქვამია, რომ ივლისის ბოლოს უკრაინის საგარეო საქმეთა და თავდაცვის სამინისტროების ლიდერებმა ევროკავშირის საგარეო ურთიერთობებისა და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლეს წარმომადგენელს, ჯოზეფ ბორელს საიდუმლო შეტყობინებით მიმართეს, მსგავსი მისიის შექმნასთან დაკავშირებით. 

კომენტარები