მიხეილ სააკაშვილი

პენიტენციური: სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბულურია, საფრთხე არ ემუქრება

Georgian Journal

პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტის უფროსის მოადგილის, გიორგი ჩიდრაშვილის თქმით, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და ის მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშაა. ჩადრაშვილმა ამის შესახებ ბრიფინგზე ისაუბრა, რომელიც, იუსტიციის მინისტრ რატი ბრეგაძის თქმით, ყოველდღიურად გაიმართება.

"როგორც მოგეხსენებათ, პაციენტი იმყოფება N18 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მედპერსონალის მუდმივ მეთვალყურეების ქვეშ. პაციენტის ამჟამინდელი მდგომარეობა სტაბილურია. ძირითადი სასიცოცხლო მაჩვენებლები, როგორებიცაა არტერიული წნევა, პულსი, სუნთქვა სატურაცია ნორმის ფარგლებშია. ასევე, ნორმის ფარგლებშია ძირითადი ლაბორატორიული მაჩვენებლები. მას ინტენსიურად უტარდება ლაბორატორიული და სხვა დიაგნოსტიკური გამოკვლევები, შესაბამისად, იგი უზრუნველყოფილია შესაბამისი სამედიცინო მომსახურებით. დღეის მდგომარეობით მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მუდმივი ყურადღების ქვეშაა და საფრთხე არ ემუქრება". – განაცხადა გიორგი ჩიდრაშვილმა.  

ექსპრეზიდენტი გლდანის N18 მსჯავრდებულთა საავადმყოფოში 8 ნოემბერს, შიმშილობის 39-ე დღეს გადაიყვანეს. კლინიკაში მისი გადაყვანის შესახებ არც მისი ადვოკატები და არც ოჯახის წევრები ინფორმირებულები არ ყოფილან. მეტიც, მიხეილ სააკაშვილის დედის, გიული ალასანიას ვარაუდის გამოთქმიდან, რომ მისი შვილი ციხიდან გაყვანილია, ერთი საათის განმავლობაში არცერთი სახელმწიფო უწყება არ პასუხობდა კითხვას, სად არის მიხეილ სააკაშვილი. 

მოგვიანებით მიხეილ სააკაშვილმა თქვა, რომ ის გლდანის ციხის საავადმყოფოში მოტყუებით გადაიყვანეს, უთხრეს, რომ მრავალპროფილურ სამოქალაქო კლინიკაში გადაჰყავდათ, როგორც ამას თავად ითხოვდა. სააკაშვილის თქმით, როდესაც მიხვდა, რომ გლდანის ციხესთან იყო, მანქანიდან არ გადმოდიოდა და სამართალდამცველებმა ის საავადმყოფოში ძალით შეიყვანეს. 

ამავდროულად მიხეილ სააკაშვილს პერმანენტულ რეჟიმში ესმის მისი მისამართით პატიმრების გინება. როგორც ამბობს, ეს ღამითაც გრძელდება. უკვე 47-ე დღეა, რაც მას შიმშილობა აქვს გამოცხადებული. 

11 ნოემბერს მიხეილ სააკაშვილმა მიმართვა გაავრცელა, რომელშიც წერს, რომ იგი შიმშილობას შეწყვეტს, თუ მულტიპროფილურ სამოქალაქო კლინიკაში გადაიყვანენ.

10 ნოემბერს გამოქვეყნდა სტრასბურგის ადამიანის უფლებების ევროპული სასამართლოს დასკვნა დროებითი ზომის გამოყენების შესახებ. სტრასბურგის სასამართლომ სააკაშვილს სტანდარტულად შიმშილობის შეწყვეტისკენ მოუწოდა, მთავრობას კი სააკაშვილის უსაფრთხოების უზრუნველყოფა. ამასთან, სასამართლომ გადაწყვიტა, რომ მთავრობამ მას უნდა შეატყობინოს ამჟამინდელი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ასევე, ციხის საავადმყოფოში გაწეული სამედიცინო დახმარების შესახებ).

10 ნოემბერს ასევე საქალაქო სასამართლოში ექსპრეზიდენტის პირველი სასამართლო სხდომა გაიმართა მას შემდეგ, რაც ის საქართველოში დააპატიმრეს. მოთხოვნის მიუხედავად, პენიტენციურმა მას სხდომაზე დასწრების უფლება არ მისცა. სააკაშვილს სასამართლო სხდომაზე დასწრების უფლება არც 15 და 16 ნოემბერს გამართულ პროცესზე მისცეს.

კომენტარები