დაძაბულობა უკრაინის საზღვრებთან

ჯონსონი: მალე დადგება არჩევანი რუსულ გაზსა და უკრაინის მხარდაჭერას შორის

დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრი ბორის ჯონსონი ლონდონის მერის ბანკეტზე სიტყვით გამოსვლისას უკრაინისა და რუსეთს შორის დაპირისპირებას გამოეხმაურა

ჯონსონის თქმით, საჭიროა მჭიდრო ურთიერთობა ისეთ ქვეყნებთან, რომლებიც დასავლურ ღირებულებს იზიარებენ, სწორედ ამიტომ, დიდ ბრიტანეთსა და სხვა ევროპულ ქვეყნებს მალე მოუწევთ არჩევანის გაკეთება რუსულ გაზსა და უკრაინის მხარდაჭერას შორის.

"აშკარაა, რომ ზოგიერთ ქვეყანა არ აპირებს განვითარებას თავისუფალი ბაზრისა და დემოკრატიის მიმართულებით და ამას თვალი უნდა გავუსწოროთ. უნდა შევეგუოთ, უნდა გავუმკლავდეთ ამას და უნდა გვქონდეს მათთან რაც შეიძლება მეგობრული და პრაგმატული ურთიერთობები. თუმცა, შედეგი უნდა იყოს, რომ ჩვენ ვითანამშრომლოთ კიდევ უფრო მჭიდროდ მათთან, ვინც ჩვენს ღირებულებებსა და ინსტინქტებს იზიარებენ. შესაბამისად, როდესაც ჩვენ ვამბობთ, რომ ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინის სუვერენიტეტსა და მთლიანობას, ამას არ ვაკეთებთ იმისთვის, რომ ჩვენ გვსურს რუსეთის მოწინააღმდეგედ ყოფნა, ან, თითქოს გვსურს რაიმე გზით სტრატეგიულად ალყაში მოვაქციოთ და დავაკნინოთ ეს დიდებული ქვეყანა. არასდროს არ უნდა დავივიწყოთ, რომ რუსების დაღვრილმა სისხლმა მოგვცა ნაცისტები დამარცხების საშუალება. ამას ვაკეთებთ იმიტომ, რომ ჩვენ გვაქვს ვალდებულება დემოკრატიისა და თავისუფლების წინაშე, რაც არის გაზიარებული ევროპის კონტინენტის დიდი ნაწილის მიერ. როდესაც ჩვენმა პოლონელმა მეგობრებმა დახმარება გვთხოვეს ბელარუსის საზღვართან შექმნილ კრიზისთან დაკავშირებით, ჩვენ გვქონდა სწრაფი რეაგირება. ვიმედოვნებ რომ სხვა ევროპული ქვეყნები გააცნობიერებენ, რომ მალე იქნება არჩევანი გასაკეთებელი ახალ გიგანტურ მილსადენებში უფრო მეტ რუსულ ნახშირწყალბადსა და უკრაინის მხარდაჭერასა და მშვიდობისა და სტაბილურობის პრინციპის დაცვას შორის". – თქვა ჯონსონმა


11 ნოემბერს გამოცემა Bloomberg-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ აშშ ევროპას უკრაინაში რუსეთის შესაძლო შეჭრის გეგმის შესახებ აფრთხილებდა. საკითხში გარკვეული ანონიმური წყაროების ცნობით, გამოცემა წერს, რომ აშშ-ს ოფიციალურმა პირებმა შესაძლო სამხედრო ოპერაციასთან დაკავშირებული შეშფოთების მიზეზები ევროპელ კოლეგებს გააცნეს. მათი შეფასება ეყრდნობა ინფორმაციას, რომელიც ამერიკელებს ევროპელებისთვის ჯერ არ გაუზიარებიათ, მაგრამ ეს მოუწევთ, იქამდე, სანამ რუსეთის საპირისპიროდ ერთობლივი მოქმედების გეგმას გადაწყვეტენ. მათ ვარაუდებს ზურგს უმაგრებს საჯაროდ არსებული ინფორმაციაც - ამბობენ ანონიმური წყაროები ამერიკიდან.

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა რუსეთის პრეზიდენტთან ვლადიმირ პუტინთან სატელეფონო საუბრისას თქვა, რომ საფრანგეთი მზად არის, უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა დაიცვას. AFP-ის ინფორმაციით ლიდერებს შორის საუბარი საათი და 45 წუთი გაგრძელდა.

პრეზიდენტის ოფისის თქმით, მარკონმა გამოთქვა "შეშფოთება და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის დაცვის მზაობა". ფრანგული მხარის თანახმად, საუბრისას პუტინმა აღნიშნა, რომ მოლაპარაკებები უკრაინის ხელისუფლებამ გაართულა.

ასეთივე კრიზისი იყო ამ წლის გაზაფხულზეც, როდესაც NATO და აშშ შეშფოთებული იყვნენ უკრაინის საზღვრებთან ასიათასობით რუსი სამხედროს, მათი მძიმე ტექნიკისა და ავიაგამანადგურებლების თავმოყრით. კრიზისი მას შემდეგ შემსუბუქდა, რაც აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს სამიტის გამართვა შესთავაზა. სამიტი ივნისში ჩატარდა. 

უკრაინის საზღვრებთან რუსული ჯარების თავმოყრის გამო, ნოემბრის დასაწყისში აშშ-ს ცენტრალური დაზვერვის სააგენტოს (CIA) დირექტორი, უილიამ ბარნსი მოსკოვში ჩავიდა, სადაც ის ვლადიმირ პუტინს ესაუბრა.

ასევე, 9 ნოემბერს პუტინს ესაუბრა გერმანიის კანცლერის მოვალეობის შემსრულებელი, ანგელა მერკელი. მერკელმა რუსეთის პრეზიდენტს სთხოვა, მოკავშირე ბელარუსზე გავლენა გამოეყენებინა და ევროკავშირის საზღვრებთან შექმნილი კრიზისი განემუხტა, რაზეც უარი მიიღო. მათ შორის საუბარი შედგა 10 ნოემბერსაც. ამჯერად პუტინმა დაგმო უკრაინის მიერ საბრძოლო დრონების გამოყენება, რასაც ის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევად თვლის. მან ასევე დაგმო აშშ-ს გემების აქტიურობა შავ ზღვაში.

პარალელურად შიშებს ზრდის პოლონეთი-ბელარუსის საზღვარზე შექმნილი მიგრანტების კრიზისი, რაშიც დასავლეთში პუტინის ხელს ხედავენ. ასევე, ამ ეტაპზე ევროპის ქვეყნები რუსულ ბუნებრივ აირზე მეტად დამოკიდებულები არიან, ვიდრე აქამდე იყვნენ. აშშ-ს ოფიციალური პირების აზრით, რუსეთი რეგიონის დესტაბილიზაციას ცდილობს.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ აშშ-ს სახელმწიფო მდივანთან, ენტონი ბლინკენთან ვიზიტის შემდეგ თქვა, რომ ის უკეთ გაეცნო ბელარუსის საზღვარზე არსებულ ვითარებას, აქამდე არსებული ინფორმაციისა და ახალ ფაქტებზე დაყრდნობით ბელარუსს "პოტენციური ფრონტის ხაზი" უწოდა. 

ამავე შეხვედრის შემდეგ კომენტარი გააკეთა ენტონი ბლინკენმაც: "ჩვენი შეშფოთების მიზეზი არის ის, რომ რუსეთმა, შესაძლოა, დაუშვას სერიოზული შეცდომა 2014 წლის მოვლენების განმეორების მცდელობით". 


ოქტომბრის ბოლოს ცნობილი გახდა, რომ რუსეთმა უკრაინის საზღვართან ჯარების თავმოყრა განაახლა. მას შემდეგ, რაც რუსმა სამხედროებმა რეგიონში სამხედრო წვრთნები ჩაატარეს, მათი ნაწილი ჩვეული დისლოკაციის ადგილს არ დაბრუნებია.

რუსეთის შეიარაღებული ძალების გადაადგილებები მას შემდეგ განახლდა, რაც კრემლმა კიევის მიმართ საკუთარი პოლიტიკა და რიტორიკა კიდევ უფრო გაამკაცრა. რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა და ფედერაციის სხვა ოფიციალურმა პირებმა გასულ თვეებში არაერთხელ გააკრიტიკეს უკრაინის კავშირი დასავლეთთან და ამ ქვეყნის სუვერენიტეტი კითხვის ნიშნის ქვეშაც კი დააყენეს. პუტინმა თქვა, რომ NATO-ს ნებისმიერი სამხედრო ინფრასტრუქტურის უკრაინაში განთავსება მოსკოვისთვის წითელი ხაზია. 

პარალელურად, დონბასში, უკრაინის შეიარაღებულ ძალებსა და რუსეთის მხარდაჭერილ სეპარატისტებს შორის მიმდინარე კონფლიქტი, რომელიც უკვე შვიდნახევარი წელი გრძელდება, ბოლო პერიოდში ახალ ეტაპზე გადავიდა. 26 ოქტომბერს უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დაამტკიცა, რომ მათ სეპარატისტების წინააღმდეგ პირველად გამოიყენეს თურქული საბრძოლო დრონი – Bayraktar TB2.

შემთხვევას რუსეთის კრიტიკა მოჰყვა. კრემლის სპიკერმა, ვლადიმირ პესკოვმა თქვა, რომ აღმოსავლეთ უკრაინაში თურქული დრონების განთავსებამ შესაძლოა დესტაბილიზაცია გამოიწვიოს.

ასევე, ურთიერთობა რუსეთსა და NATO-ს შორის განსაკუთრებით დაძაბულია. 18 ოქტომბერს მოსკოვმა საკუთარი დიპლომატიური მისია ბრიუსელში შეაჩერა, მას შემდეგ, რაც ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა რვა რუსი დიპლომატი ჯაშუშობის ბრალდებით გააძევა.

უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა, ოლეკსი დანილოვმა განაცხადა, რომ ზაპად 2021-ის ვარჯიშების დასრულების შემდეგ რუსულმა მხარემ უკრაინის საზღვართან ახლოს მყოფ საწვრთნელ პოლიგონებზე დატოვა სამხედრო აღჭურვილობა, ასევე კონტროლისა და კომუნიკაციის ცენტრები.

 

კომენტარები