კორონავირუსი საქართველოში

მხოლოდ ბოლო 2 კვირაში საქართველოში COVID 19-ით 886 ადამიანი გარდაიცვალა

ტაბულა

13 ნოემბერს საქართველოში COVID-19-ს კიდევ 81 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და ვირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 10 975 გახდა. მხოლოდ ბოლო 2 კვირაში COVID 19-ით ქვეყანაში 886 ადამიანი გარდაიცვალა, ბოლო 1 კვირაში კი - 526. ოფიციალური მონაცემებით, წინა კვირასთან შედარებით, სიკვდილიანობა 44%-ით არის გაზრდილი.

კორონავირუსის დაწყებიდან დღემდე საქართველო მილიონ მოსახლეზე სიკვდილიანობით მსოფლიოში მე-11 ადგილზეა, ბოლო 1 კვირის მონაცემი კიდევ უფრო საგანგაშოა - ქვეყანა სიკვდილიანობის შემთხვევებით მეოთხე ადგილზეა.

NCDC-ს დირექტორის, ამირან გამყრელიძის თქმით, "სამწუხაროდ, ჯერჯერობით, სიკვდილიანობის მაჩვენებლის რადიკალური შემცირება არ იქნება". მისი ცნობით, ამ ეტაპზე მძიმედ მიმდინარე შემთხვევათა რიცხვი 1 600-ზე მეტია.

"ეს პაციენტები ინტენსიური თერაპიის განყოფილებებში იმყოფებიან. ამ ეტაპზე ხელოვნურ ვენტილაციაზე 350-ზე მეტი ადამიანია" - ამბობს გამყრელიძე.

რაც შეეხება ვაქცინაციას, საქართველოში სულ მცირე 1 დოზით მხოლოდ 1 074 602 ადამიანია აცრილი (მოზრდილი მოსახლეობის 33.8%), ხოლო სრულად - 966 143 ადამიანი (33.8%).

COVID 19-ით ინფიცირების და სიკვდილიანობის გაზრდილი შემთხვევების მიუხედავად, საქართველოს პრემიერმინისტრი კვლავ იმეორებს, რომ სავალდებულო ვაქცინაციას არ დაუშვებს, მათ შორის, არც პრიორიტეტული ჯგუფებისთვის (ექიმები და მასწავლებლები), რასაც NCDC ითხოვს. მეტიც, მწვანე პასპორტებში, რომელიც პირველი დეკემბრიდან ამოქმედდება, განსაზღვრული არ არის კორონავირუსის გადატანის ექვსთვიანი ვადა. ყველა, ვინც ინფიცირებულთა ბაზაშია, თუნცავ გასულ წელს გადატანილი ვირუსის გამო, მწვანე სტატუსით სარგებლობას შეძლებს. 

კომენტარები