მიხეილ სააკაშვილი

ადვოკატი: პენიტენციურმა სამსახურმა კონსილიუმის წევრები სააკაშვილთან არ შეუშვა

კადრი ვიდეოდან / TV პირველი

ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, შოთა თუთბერიძის თქმით, სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა იუსტიციის სამინისტროს მიერ შექმნილი ექიმთა კონსილიუმის წევრები სააკაშვილის მოსანახულებლად არ შეუშვა.

"საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ დღეს ვგეგმავდით კონსილიუმის შესვლას გლდანის დაწესებულებაში მესამე პრეზიდენტის მოსანახულებლად. ძალიან დიდი მადლობა თითოეულ წევრს ამ კომისიისა, რომლებსაც კიდევ ერთხელ ვუდასტურებ პატივისცემას იმისთვის, რომ არასამუშაო საათებში გამონახეს დრო და მობრძანდნენ, თუმცა, სამწუხაროდ, 2-საათიანი ლოდინის შემდეგ პენიტენციურმა სამსახურმა უარი თქვა შეშვებაზე იმ მოტივით, რომ არასამუშაო საათებია. ასევე უნდა აღვნიშნო, რომ არასამუშაო საათებში კონსილიუმი ყოფილა უკვე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, ასევე დღეს, ასევე არასამუშაო საათებში კონსილიუმის ერთ-ერთი წევრი იმყოფებოდა თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში. პენიტენციური სამსახურის ეს ნაბიჯი არის აბსოლუტურად უკანონო და სამარცხვინო". – თქვა თუთბერიძემ.

მისივე თქმით, კონსილიუმის წევრები მზად არიან, ხვალ კიდევ სცადონ მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად შესვლა, თუმცა არ იციან, დართავს თუ არა სპეციალური პენიტენციური სამსახური მათ ამის ნებას.

ექსპრეზიდენტი გლდანის N18 მსჯავრდებულთა საავადმყოფოში 8 ნოემბერს, შიმშილობის 39-ე დღეს გადაიყვანეს. კლინიკაში მისი გადაყვანის შესახებ არც მისი ადვოკატები და არც ოჯახის წევრები ინფორმირებულები არ ყოფილან. მეტიც, მიხეილ სააკაშვილის დედის, გიული ალასანიას ვარაუდის გამოთქმიდან, რომ მისი შვილი ციხიდან გაყვანილია, ერთი საათის განმავლობაში არცერთი სახელმწიფო უწყება არ პასუხობდა კითხვას, სად არის მიხეილ სააკაშვილი. 

მოგვიანებით მიხეილ სააკაშვილმა თქვა, რომ ის გლდანის ციხის საავადმყოფოში მოტყუებით გადაიყვანეს, უთხრეს, რომ მრავალპროფილურ სამოქალაქო კლინიკაში გადაჰყავდათ, როგორც ამას თავად ითხოვდა. სააკაშვილის თქმით, როდესაც მიხვდა, რომ გლდანის ციხესთან იყო, მანქანიდან არ გადმოდიოდა და სამართალდამცველებმა ის საავადმყოფოში ძალით შეიყვანეს. 

ამავდროულად მიხეილ სააკაშვილს პერმანენტულ რეჟიმში ესმის მისი მისამართით პატიმრების გინება. როგორც ამბობს, ეს ღამითაც გრძელდება. უკვე 45-ე დღეა, რაც მას შიმშილობა აქვს გამოცხადებული. 

11 ნოემბერს მიხეილ სააკაშვილმა მიმართვა გაავრცელა, რომელშიც წერს, რომ იგი შიმშილობას შეწყვეტს, თუ მულტიპროფილურ სამოქალაქო კლინიკაში გადაიყვანენ.

10 ნოემბერს გამოქვეყნდა სტრასბურგის ადამიანის უფლებების ევროპული სასამართლოს დასკვნა დროებითი ზომის გამოყენების შესახებ. სტრასბურგის სასამართლომ სააკაშვილს სტანდარტულად შიმშილობის შეწყვეტისკენ მოუწოდა, მთავრობას კი სააკაშვილის უსაფრთხოების უზრუნველყოფა. ამასთან, სასამართლომ გადაწყვიტა, რომ მთავრობამ მას უნდა შეატყობინოს ამჟამინდელი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ასევე, ციხის საავადმყოფოში გაწეული სამედიცინო დახმარების შესახებ).

10 ნოემბერს ასევე საქალაქო სასამართლოში ექსპრეიზდენტის პირველი სასამართლო სხდომა გაიმართა მას შემდეგ, რაც ის საქართველოში დააპატიმრეს. მოთხოვნის მიუხედავად, პენიტენციურმა მას სხდომაზე დასწრების უფლება არ მისცა.

კომენტარები