ხაჭაპურის ინდექსი

იმერული ხაჭაპურის მომზადების ხარჯები რეკორდულად გაიზარდა – ხაჭაპურის ინდექსი

flickr.com

ISET-PI-ს ხაჭაპურის ინდექსის მიხედვით, 2021 წლის ოქტომბერში იმერული ხაჭაპურის გამოცხობის ხარჯებმა რეკორდულად მაღალ ნიშნულს მიაღწია და, საშუალოდ, 5 ლარი შეადგინა.
 
ხაჭაპურის ინდექსი ყოველთვიურად ქვეყნდება და ის ქართული ეროვნული კერძის, იმერული ხაჭაპურის მომზადების ხარჯებს ასახავს. 

გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ხაჭაპურის მომზადების ხარჯები 14.9%-ითაა გაზრდილი, გასულ თვესთან შედარებით კი – 4.2%-ით. 

კვლევითი ინსტიტუტის ინფორმაციით, ხაჭაპურის გამოცხობა ყველაზე იაფად ქუთაისშია შესაძლებელი – 4.3 ლარად, ყველაზე ძვირი კი მისი მომზადება თელავშია (5.5 ლარი). 

ხაჭაპურის ინდექსზე გავლენას ქვეყანაში არსებული ინფლაციის დონე ახდენს, რომელიც ამჟამად 12.8%-ს შეადგენს. გასულ წელთან შედარებით ხაჭაპურის მომზადებისთვის საჭირო ინგრედიენტები მნიშვნელოვნადაა გაძვირებული, კერძოდ, კვერცხი (+30%), ცხიმი (+19%), ყველი (+12%) და რძე (+10%).

საერთაშორისო სავალუტო ფონდის [IMF] ეკონომიკური ანგარიშის მიხედვით, მაღალი ინფლაციის დონით საქართველო მსოფლიოში მე-16 ადგილზეა.

კომენტარები