მიხეილ სააკაშვილის დაკავება

პოლიციამ რუსთავის ციხესთან აქციის სცენისთვის განკუთვნილი აპარატურა წაიღო

რუსთავის ციხე
მთავარი არხი

რუსთავში, მე-12 ციხესთან სამართალდამცველებმა აქციის ორგანიზატორებს სცენის გაშლის საშუალება არ მისცეს. პოლიციამ აპარატურა ციხის ტერიტორიიდან მანქანებით წაიღო. 

მათი მტკიცებით, სცენის განლაგება ციხის უსაფრთხოებას უშლიდა ხელს. 

სამართალდამცველები აცხადებენ, რომ აქციის მონაწილეებს მათ ალტერნატიული ადგილი შესთავაზეს, რადგან  მათ მიერ შერჩეული ადგილი უსაფრთხო არ იყო. აქციის ორგანიზატორები არ დათანხმდნენ მოთხოვნას, რის შემდეგაც "სამართლებრივად მოხდა ნივთის შეზღუდვა".

"აქციის ორგანიზატორებს ჩვენ ავუხსენით, რომ სადაც უნდოდათ სცენის განთავსება, ეს ადგილი უსაფრთხოებიდან გამომდინარე, არ იყო მიზანშეწონილი. მოვუწოდეთ რომ ეს სცენა გადაეტანათ იქ სადაც აკეთებდნენ ხოლმე ძირითადად. ვერ მივიღეთ დასტური და პოლიციის კანონის შესაბამისად ვიმოქმედეთ და სამართლებრივად მოხდა ნივთის შეზღუდვა".- აცხადებს შსს. 

რაც შეეხება აპარატურის დაბრუნებას, სამართალდამცველების თქმით, "კანონის შესაბამისად" იმ კომპანიას დაუბრუნებენ, ვისაც ეკუთვნის.

6 ნოემბერს ოპოზიციის აქცია თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში აღარ გაიმართება. ამის ნაცვლად ოპოზიცია რუსთავის ციხესთან შეკრებას და იქ დარჩენას გეგმავს იქამდე, სანამ მოშიმშილე ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს სამოქალაქო კლინიკაში არ გადაიყვანენ. 


მიხეილ სააკაშვილი 36 დღეა, შიმშილობს. ხელისუფლება მის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანაზე უარს ამბობს და აცხადებს, რომ ექსპრეზიდენტის იქ გადაყვანის შემთხვევაში, ნაციონალური მოძრაობის ლიდერები ბუნტს მოაწყობენ. მისი სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით პარლამენტში შიმშილობა დაიწყო დროას ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ. 

30 ოქტომბერს საქართველოს 20 ქალაქსა და თვითმმართველ თემში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურები გაიმართა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ოფიციალური მონაცემებით, 20-დან 19 ქალაქში მერის არჩევნები ქართულმა ოცნებამ მოიგო. ერთადერთი თვითმმართველი თემი, რომელშიც ოპოზიციის მერობის კანდიდატმა გაიმარჯვა, წალენჯიხაა. ოპოზიცია მიიჩნევს, რომ არჩევნები გაყალბებულია.

არჩევნების შესახებ ყველა სიახლეს თვალი ადევნეთ ტაბულას საარჩევნო პორტალზე – არჩევნები 2021

კომენტარები