დაძაბულობა პოლონეთი-ბელარუსის საზღვარზე

პოლონეთი: ბელარუსის მხრიდან რამდენიმე შეიარაღებულმა ფორმიანმა პირმა საზღვარი დაარღვია

პოლონელი მესაზღვრეები

პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, 2 ნოემბერს პოლონეთის საზღვარი, ბელარუსის მხრიდან, რამდენიმე შეიარაღებულმა ფორმიანმა პირმა დაარღვია.

შემთხვევასთან დაკავშირებით, პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში ბელარუსის საელჩოს საქმეთა დროებითი რწმუნებული, ალეკსანდრ ჩესნოვსკი დაიბარეს. პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, პიოტრ ვავჟიკმა განაცხადა ბელარუსში უკმაყოფილების ნოტის გაგზავნის შესახებ და მინსკს განმარტება მოსთხოვა. მან ასევე დაგმო სახელმწიფო საზღვრის დარღვევის ფაქტი და ამ ყველაფერს მიზანმიმართული ესკალაციის ცხადი ნიშნები უწოდა. 

ვარშავაში აცხადებენ, რომ ისინი მთელი მონდომებით დაიცავენ პოლონეთის სახელმწიფო და ევროკავშირის შიდა საზღვრებს.

პოლონური სპეცსამსახურების ცნობით, 2 ნოემბერს, 01:45-ზე სახელმწიფო საზღვრის პოლონურ მხარეს შენიშნეს გრძელლულიანი იარაღით შეიარაღებული სამი ფორმიანი პირი. მას შემდეგ, რაც პოლონელმა მესაზღვრეებმა ისინი შენიშნეს და მათთან კონტაქტის დამყარება სცადეს, სამმა პირმა ჯერ იარაღი გადატენა, შემდეგ კი ისინი საზღვრის ბელარუსულ მხარეს დაბრუნდნენ. 

ბელარუსულ მხარეს კომენტარი ამ დრომდე არ გაუკეთებია. 


ევროკავშირის რამდენიმე წევრი ქვეყანა, რომელიც ბელარუსს ესაზღვრება, კერძოდ: პოლონეთი, ლიტვა და ლატვია საზღვრებს გამკაცრებულად აკონტროლებენ, რადგან მინსკი მათი მიმართულებით ახლო აღმოსავლეთიდან და აფრიკიდან მომავალ არალეგალურ მიგრანტებს გზავნის. მოკავშირე ქვეყნები ამას ბელარუსისა და რუსეთის ჰიბრიდული ომის ნაწილად მიიჩნევენ.

ბოლო პერიოდში ვითარება განსაკუთრებით მძიმეა ბელარუსისა და პოლონეთის საზღვარზე. რამდენიმე კვირის წინ, ვარშავამ ბელარუსის ძალები მათი სამხედროების მიმართ ფუჭი ვაზნების სროლაშიც კი დაადანაშაულა.

მიგრანტებმა საზღვრის გადაკვეთა რამდენჯერმე შტურმით სცადეს.

პოლონეთმა ბელარუსის საზღვარზე, უკანონო მიგრანტების კრიზისის ფონზე, სამხედროების რაოდენობა თითქმის 6 000-მდე გაზარდა.

კომენტარები