პოლონეთი-ბელარუსი

პოლონეთი: ბელარუსის მხრიდან მიგრანტებმა ჩვენი საზღვრის შტურმით გადაკვეთა სცადეს

პოლონელი მესაზღვრეები

პოლონეთის ცნობით, არალეგალური მიგრანტების ჯგუფებმა, ბელარუსის მხრიდან, პოლონეთის საზღვრის გადაკვეთა შტურმით სცადეს

ინფორმაცია 11 ოქტომბერს პოლონეთის მესაზღვრეთა სამსახურმა სოციალურ ქსელ Twitter-ზე გაავრცელა. მათი თქმით, 90 და 130-კაციანმა მიგრანტთა ჯგუფებმა საზღვრის ძალით გადაკვეთა სცადეს.

"ბოლო შაბათ-კვირას პოლონეთ-ბელარუსის საზღვრის ძალის გამოყენებით გადაკვეთის ორი მცდელობა იყო, უცხოელთა დიდი, 90 და 130-კაციანი ჯგუფების მიერ. მესაზღვრეებისა და პოლონეთის შეიარაღებული ძალების დროული ჩარევის წყალობით, პოლონეთის ტერიტორიაზე უკანონო შესვლა აღიკვეთა", – წერს Twitter-ზე პოლონელ მესაზღვრეთა ოფიციალური გვერდი.

პოლონური მხარის თქმით, გასულ შაბათ-კვირას ჯამში საზღვრის გადაკვეთის 2000-ზე მეტი მცდელობა დაფიქსირდა, აქედან 700-ზე მეტი მხოლოდ შაბათს. 

პოლონეთის მესაზღვრეებს შეიარაღებული ძალებისგან დახმარების გაზრდა სურთ. ამჟამად მესაზღვრეებთან ერთად პერიმეტრს 2 500 სამხედროც აკონტროლებს. 

ბოლო პერიოდში ევროკავშირის რამდენიმე წევრი, რომელიც ბელარუსს ესაზღვრება, კერძოდ: პოლონეთი, ლიტვა და ლატვია საზღვრებს გამკაცრებულად აკონტროლებენ, რადგან მინსკი მათი მიმართულებით ახლო აღმოსავლეთიდან და აფრიკიდან მომავალ არალეგალურ მიგრანტებს გზავნის. მოკავშირე ქვეყნები ამას ბელარუსისა და რუსეთის ჰიბრიდული ომის ნაწილად მიიჩნევენ.

ბოლო პერიოდში ვითარება განსაკუთრებით მძიმეა ბელარუსისა და პოლონეთის საზღვარზე. გასულ კვირაში ვარშავამ ბელარუსის ძალები მათი სამხედროების მიმართ ფუჭი ვაზნების სროლაშიც კი დაადანაშაულა.

კომენტარები