მიხეილ სააკაშვილის დაკავება

მოქალაქე: ვიდგები და ვიშიმშილებ, სანამ არ გაათავისუფლებენ მესამე პრეზიდენტს

ნინო მჭედლიძე
კადრი ლაივიდან/ფორმულა

რუსთავის N12 პენიტენციურ დაწესებულებასთან საპროტესტო აქციის მონაწილე, ნინო მჭედლიძე ტელეკომპანია ფორმულასთან საუბარში ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილი გათავისუფლების მოთხოვნით შიმშილობას იწყებს.

"სხვა გზა აღარ დაგვრჩენია, აუცილებელია, რომ [პროტესტის] უკიდურეს ფორმებს მივმართოთ. სხვანაირად ეს ხელისუფლება არ წავა. მე პირადად, კიდევ შემომიერთდნენ გოგოები და დარწმუნებული ვარ, კიდევ ბევრი შემომიერთდება, ვიდგები აქ და ვიშიმშილებ, სანამ არ გაათავისუფლებენ ჩვენს მესამე პრეზიდენტს და სანამ არ იქნება მისი უფლებები დაცული. ჩვენ აღარ გვყავს დასაკარგი პოლიტიკოსები." – ამბობს მჭედლიძე.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი დაკავების დღიდან, უკვე 32-ე დღეა რუსთავის N12 პენიტენციურ დაწესებულებაში პროტესტის ნიშნად შიმშილობს. მიხეილ სააკაშვილი თბილისში 1 ოქტომბერს დააკავეს.  

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა მიხეილ სააკაშვილის მიღებისთვის პენიტენციური სისტემის N18 სამკურნალო დაწესებულების მზადყოფნის ხარისხი შეამოწმა და განაცხადა, რომ დაწესებულებაში არსებული ვითარება, სრულფასოვნად არ შეესაბამება ექიმთა მულტიფუნქციური ჯგუფის მიერ გაცემულ 2021 წლის 23 ოქტომბრის დასკვნასა და რეკომენდაციებს, ასევე არსებობს გარკვეული რისკები უსაფრთხოების თვალსაზრისით. მეორე მხრივ, იუსტიციის მინისტრი, რატი ბრეგაძის თქმით, ექიმები ამბობენ, რომ ციხის საავადმყოფო სრულად გამართულია მიხეილ სააკაშვილის მისაღებად.

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, ნიკა გვარამიას თქმით, ციხის საავადმყოფო მიხეილ სააკაშვილის უსაფრთხოების მინიმალურ გარანტიასაც არ უზურნველყოფს და მისი ინფორმაციით, იქნება ე.წ იმიტირებული ბუნტი, რომელიც დასრულდება სააკაშვილის ლიკვიდაციით.

კომენტარები