ენერგეტიკა

რუსეთის მიერ ომის დაწყების გამო, მსოფლიოში ნავთობის ფასები რეკორდულად გაიზარდა

რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის ესკალაციისა და პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიერ ომის დაწყების გამო, საერთაშორისო ბაზარზე ნავთობის ფასები რეკორდული ტემპით გაიზარდა და ბარელი ბრენტის მარკის ნავთობის ღირებულებამ 105 დოლარს გადააჭარბა, რაც ბოლო შვიდი წლის უმაღლესი ნიშნულია. 

ექსპერტების შეფასებით, ნავთობის და სხვა ტიპის ენერგოპროდუქტების გაძვირება ევროპის მასშტაბით მიწოდების პრობლემის გაჩენის შესაძლო რისკებს უკავშირდება, რის გამოც იმპორტიორი კომპანიები ნავთობის მარაგების ზრდას იწყებენ, რაც, თავის მხრივ, მოთხოვნა-მიწოდების გათვალისწინებით, ფასებზე აისახება.

24 თებერვლის ვაჭრობის შედეგად, ბრენტის მარკის ნავთობის ფასი 8.5%-ით გაიზარდა, ამერიკული WTI Crude-ის კი თითქმის 6%-ით. 

აღსანიშნავია, რომ პუტინის გადაწყვეტილებას საერთაშორისო ბირჟებზე მსოფლიოს მასშტაბით თითქმის ყველა სახის აქციის და ინდექსის გაუფასურება მოჰყვა, მათ შორის ამერიკული კომპანიების აქციების და კრიპტოაქტივებისაც, თუმცა ენერგოპროდუქტები გაძვირდა, რადგან რუსეთი ევროპის ერთ-ერთი უმსხვილესი ენერგომომმარაგებელია, ომის დაწყება კი მიწოდების შეფერხების და მწვავე დეფიციტის გაჩენის რისკებს საგრძნობლად ზრდის. 

ზოგადად, პანდემიურ პერიოდში ნავთობის გაძვირების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი შეზღუდული მიწოდებაა, რაც პირდაპირ კავშირშია ნავთობის ექსპორტიორი ქვეყნების ორგანიზაციის (OPEC+) გადაწყვეტილებებთან. თუკი გლობალური ეკონომიკის აღდგენის პარალელურად, OPEC-ი ნავთობის მიწოდებას მოთხოვნის შესაბამისად არ გაზრდის, საწვავსა და სხვა სახის ენერგოპროდუქტებზე ფასები, სავარაუდოდ, ზრდას განაგრძობს. საგულისხმოა, რომ ორგანიზაციის გადაწყვეტილებაზე დიდ გავლენას ახდეს რუსეთის მთავრობის პოზიცია. 

ნავთობის ფასების ზრდა, მაღალი ალბათობით, საქართველოში საწვავის გაძვირებას გამოიწვევს, თუმცა არა მყისიერად, რადგან საერთაშორისო ბაზარზე ნავთობის ფასის ცვლილება მომენტალურად არ აისახება საქართველოში საწვავის ფასებზე, რადგან ნავთობის იმპორტიორი კომპანიები საწვავის ფასებს ნავთობის მიმდინარე ღირებულების, რეზერვში არსებული (წარსულში შეძენილი) საწვავის ღირებულებისა და ვალუტის გაცვლითი კურსის მიხედვით ადგენენ, შესაბამისად, ცვლილების ასახვას გარკვეული დრო სჭირდება.

კომენტარები