"სააკაშვილის განცხადებიდან 1 საათში მიიღო [წამლები], ისევ ისე გააგრძელა მკურნალობაც, ვიტამინებიც, დანამატების მიღება, ისევ ისე, როგორც ღებულობდა წინა დღეებში, სააკაშვილი მხარდამჭერების გრძნობებზე მანიპულირებს და იყენებს". - ამბობს საქართველოს პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილზე.
საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა, გუშინ, 29 ოქტომბერს, წერილობითი მიმართვა გაავრცელა, სადაც თქვა, რომ ექიმების კონსილიუმთან თანამშრომლობას შეწყვეტდა, აღარ მიიღებდა წამლებს და აღარც ანალიზებს ჩააბარებდა.
მიხეილ სააკაშვილი დაკავების დღიდან, უკვე 30-ე დღეა რუსთავის N12 პენიტენციურ დაწესებულებაში პროტესტის ნიშნად შიმშილობს. მიხეილ სააკაშვილი თბილისში 1 ოქტომბერს დააკავეს.
საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა მიხეილ სააკაშვილის მიღებისთვის პენიტენციური სისტემის N18 სამკურნალო დაწესებულების მზადყოფნის ხარისხი შეამოწმა და განაცხადა, რომ დაწესებულებაში არსებული ვითარება, სრულფასოვნად არ შეესაბამება ექიმთა მულტიფუნქციური ჯგუფის მიერ გაცემულ 2021 წლის 23 ოქტომბრის დასკვნასა და რეკომენდაციებს, ასევე არსებობს გარკვეული რისკები უსაფრთხოების თვალსაზრისით. მეორე მხრივ, იუსტიციის მინისტრი, რატი ბრეგაძის თქმით, ექიმები ამბობენ, რომ ციხის საავადმყოფო სრულად გამართულია მიხეილ სააკაშვილის მისაღებად. მმართველი პარტია ამტკიცებს, რომ მიხეილ სააკაშვილს ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შემთხვევაში მხოლოდ ციხის საავადმყოფოში გადაიყვანენ.
მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, ნიკა გვარამიას თქმით, ციხის საავადმყოფო ექსპრეზიდენტის უსაფრთხოების მინიმალურ გარანტიასაც არ უზურნველყოფს და, მისი ინფორმაციით, იქნება ე.წ იმიტირებული ბუნტი, რომელიც დასრულდება სააკაშვილის ლიკვიდაციით.
- სააკაშვილი: უარს ვამბობ გლდანის კლინიკაზე, ვრჩები აქ ჩემს სიკვდილამდე, ან თავისუფლებამდე
- ექიმები: მთავრობა წირავს სააკაშვილს, საჭიროებს მყისიერ გადაყვანას მულტიპროფილურ კლინიკაში





