საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ტელეკომპანია იმედის პირდაპირ ეთერში შეცვალა საკუთარი კომენტარი, დაპატიმრებულ და მოშიმშილე ექსპრეზიდენტთან, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით.
ღარიბაშვილის თქმით, მას თვითმკვლელობის ნაცვლად შიმშილობა უნდა ეთქვა.
„მე ვთქვი, რომ ჩვენ ადამიანს და პატიმარს ვერ ავუკრძალავთ შიმშილობას, უნდა მეთქვა შიმშილობა და არა თვითმკვლელობა. ალბათ, ამით ერთგვარი არასწორი ინტერპრეტაცია მოხდა. ბუნებრივია, მე აღარ შევალ დეტალებში და კანონის განმარტებას არ დავიწყებ, მაგრამ ერთი რამ მინდა ვთქვა, ჩვენ ადგილზეც გვყავს მობილიზებული ექიმების ჯგუფიც, რეანიმობილიც, აბსოლუტურად სრული მზაობაა. მეტსაც გეტყვით, ჩემივე დავალებით, ციხის საავადმყოფოში, მანამ, სანამ ეს ფაქტი მოხდებოდა, ჩვენ სრული გადაიარაღება, განახლება განვახორციელეთ, უახლესი სამედიცინო ტექნიკითა და აპარატურით აღვჭურვეთ ციხის საავადმყოფო. იქ არის ყველა პირობა იმისთვის, რომ ნებისმიერ პატიმარს, მათ შორის მოშიმშილე პატიმარ სააკაშვილს ვუმკურნალოთ“.
"თავის ჯანმრთელობას იზიანებს. მეტიც, კანონში წერია, რომ ადამიანს თვითმკვლელობის უფლება აქვს. თუ ადამიანი გადაწყვეტს, რომ თავი მოიკლას, შეუძლია, მოიკლას, ამაზე სახელმწიფო ვერ აიღებს პასუხისმგებლობას", – თქვა აქამდე ირაკლი ღარიბაშვილმა, რასაც, რამდენიმე საათის შემდეგ, მისი განმარტება მოჰყვა.
საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი დაკავების დღიდან რუსთავის N12 პენიტენციურ დაწესებულებაში პროტესტის ნიშნად შიმშილობს. მიხეილ სააკაშვილი თბილისში 1 ოქტომბერს დააკავეს.
საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა მიხეილ სააკაშვილის მიღებისთვის პენიტენციური სისტემის N18 სამკურნალო დაწესებულების მზადყოფნის ხარისხი შეამოწმა და განაცხადა, რომ დაწესებულებაში არსებული ვითარება, სრულფასოვნად არ შეესაბამება ექიმთა მულტიფუნქციური ჯგუფის მიერ გაცემულ 2021 წლის 23 ოქტომბრის დასკვნასა და რეკომენდაციებს, ასევე არსებობს გარკვეული რისკები უსაფრთხოების თვალსაზრისით. მეორე მხრივ, იუსტიციის მინისტრი, რატი ბრეგაძის თქმით, ექიმები ამბობენ, რომ ციხის საავადმყოფო სრულად გამართულია მიხეილ სააკაშვილის მისაღებად.
მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, ნიკა გვარამიას თქმით, ციხის საავადმყოფო მიხეილ სააკაშვილის უსაფრთხოების მინიმალურ გარანტიასაც არ უზურნველყოფს და მისი ინფორმაციით, იქნება ე.წ იმიტირებული ბუნტი, რომელიც დასრულდება სააკაშვილის ლიკვიდაციით.





