მიხეილ სააკაშვილის დაკავება

დეკანოიძე ღარიბაშვილზე: სტრასბურგისთვის კიდევ ერთი მტკიცებულებაა

Khatia Dekanoidze / Facebook

ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი და ოპოზიციის ნაწილის ქუთაისის მერობის კანდიდატი, ხატია დეკანოიძე ეხმაურება ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას მიხეილ სააკაშვილის შიმშილობაზე. 

ღარიბაშვილმა TV იმედის ეთერში თქვა, რომ კანონის თანახმად, ადამიანს თვითმკვლელობის უფლება აქვს და  სახელმწიფო ამაზე პასუხისმგებლობას ვერ აიღებს. 

"მორიგი კატასტროფა თქვა. სტრასბურგისთვის კიდევ ერთი მტკიცებულება".- წერს დეკანოიძე FACEBOOK-ზე. 

28 ოქტომბრის ეთერში, იმედის ჟურნალისტმა პრემიერმინისტრს ჰკითხა, თუ რა შედეგით დასრულდებოდა მიხეილ სააკაშვილის შიმშილობა, რაზეც ღარიბაშვილმა თქვა: 

"ფინალი არ ვიცი ახლა, ადამიანი თუ თავის ჯანმრთელობას იზიანებს... ის კი არა, უფრო მეტიც, კანონში წერია, რომ ადამიანს აქვს თვითმკვლელობის უფლება, თუ ადამიანი გადაწყვეტს რომ თავი მოიკლას, შეუძლია მოიკლას, მაგრამ ამაზე, რა თქმა უნდა, სახელმწიფო ვერ აიღებს პასუხისმგებლობას".- თქვა ღარიბაშვილმა. 


საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი დაკავების დღიდან, უკვე 29-ე დღეა რუსთავის N12 პენიტენციურ დაწესებულებაში პროტესტის ნიშნად შიმშილობს. მიხეილ სააკაშვილი თბილისში 1 ოქტომბერს დააკავეს.

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა მიხეილ სააკაშვილის მიღებისთვის პენიტენციური სისტემის N18 სამკურნალო დაწესებულების მზადყოფნის ხარისხი შეამოწმა და განაცხადა, რომ დაწესებულებაში არსებული ვითარება, სრულფასოვნად არ შეესაბამება ექიმთა მულტიფუნქციური ჯგუფის მიერ გაცემულ 2021 წლის 23 ოქტომბრის დასკვნასა და რეკომენდაციებს, ასევე არსებობს გარკვეული რისკები უსაფრთხოების თვალსაზრისით. მეორე მხრივ, იუსტიციის მინისტრი, რატი ბრეგაძის თქმით, ექიმები ამბობენ, რომ ციხის საავადმყოფო სრულად გამართულია მიხეილ სააკაშვილის მისაღებად. მმართველი პარტია ამტკიცებს, რომ მიხეილ სააკაშვილს ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შემთხვევაში მხოლოდ ციხის საავადმყოფოში გადაიყვანენ. 

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, ნიკა გვარამიას თქმით, ციხის საავადმყოფო ექსპრეზიდენტის უსაფრთხოების მინიმალურ გარანტიასაც არ უზურნველყოფს და, მისი ინფორმაციით, იქნება ე.წ იმიტირებული ბუნტი, რომელიც დასრულდება სააკაშვილის ლიკვიდაციით.  

კომენტარები