მიხეილ სააკაშვილის დაკავება

დენისოვა: მივმართავ იუსტიციის სამინისტროს, საჭიროებისამებრ სააკაშვილი გადაიყვანონ VIVAMED-ში

ლუდმილა დენისოვა
კადრი რადიო თავისუფლების ლაივიდან

საქართველოს ყოფილ პრეზიდენტთან მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის შემდეგ უკრაინის ომბუდსმენი, ლუდმილა დენისოვა ამბობს, რომ აპირებს იუსტიციის სამინისტროს მიმართოს, რათა საჭიროების შემთხვევაში სააკაშვილი ვივამედში გადაიყვანონ.

"იმის გათვალისწინებით, რომ არსებობს სპეციალური შეთანხმება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს პენიტენციურ სამსახურთან და სამედიცინო დაწესებულება ვივამედთან, მივმართავ [იუსტიციის სამინისტროს], რომ საჭიროების შემთხვევაში გადაიყვანონ სწორედ ამ კერძო სამედიცინო ცენტრში. ვიცით, რომ 600-მდე მსჯავრდებულს სწორედ ამ ცენტრში აღმოუჩინეს დახმარება" – თქვა დენისოვამ.

​ომბუდსმენის თქმით, სააკაშვილს ციხის კლინიკაში გადასვლა არ სურს, რადგანაც თვლის, რომ მისი უსაფრთხოება არ იქნება დაცული. მისივე თქმით, სააკაშვილთან ჩამოსულია უკრაინელი ექიმიც და იმედი აქვს, რომ მას ექნება ყოფილი პრეზიდენტის მონახულების საშუალება.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი დაკავების დღიდან, უკვე 27-ე დღეა რუსთავის N12 პენიტენციურ დაწესებულებაში პროტესტის ნიშნად შიმშილობს. მიხეილ სააკაშვილი თბილისში 1 ოქტომბერს დააკავეს.

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა მიხეილ სააკაშვილის მიღებისთვის პენიტენციური სისტემის N18 სამკურნალო დაწესებულების მზადყოფნის ხარისხი შეამოწმა და განაცხადა, რომ დაწესებულებაში არსებული ვითარება, სრულფასოვნად არ შეესაბამება ექიმთა მულტიფუნქციური ჯგუფის მიერ გაცემულ 2021 წლის 23 ოქტომბრის დასკვნასა და რეკომენდაციებს, ასევე არსებობს გარკვეული რისკები უსაფრთხოების თვალსაზრისით. მეორე მხრივ, იუსტიციის მინისტრი, რატი ბრეგაძის თქმით, ექიმები ამბობენ, რომ ციხის საავადმყოფო სრულად გამართულია მიხეილ სააკაშვილის მისაღებად. მმართველი პარტია ამტკიცებს, რომ მიხეილ სააკაშვილს ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შემთხვევაში მხოლოდ ციხის საავადმყოფოში გადაიყვანენ. 

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, ნიკა გვარამიას თქმით, ციხის საავადმყოფო ექსპრეზიდენტის უსაფრთხოების მინიმალურ გარანტიასაც არ უზურნველყოფს და, მისი ინფორმაციით, იქნება ე.წ იმიტირებული ბუნტი, რომელიც დასრულდება სააკაშვილის ლიკვიდაციით.  

კომენტარები