მიხეილ სააკაშვილის დაკავება

სააკაშვილის ადვოკატი: შესაძლოა, ოპერაციის საჭიროება არც იყოს, ისე დადგეს ფატალური შედეგი

"საუბარია, რომ თუ ოპერაცია იქნება საჭირო მხოლოდ ამ შემთხვევაში მოხდება ჰოსპიტალიზაცია, რაც სრული აბსურდია. შესაძლოა, ოპერაციის საჭიროება საერთოდ არ დადგეს და ისე დასრულდეს ფატალური შედეგით შიმშილობა, ოპერაცია შეიძლება სულაც არ იყოს კავშირში". - ამის შესახებ დაკავებული ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა დიმიტრი საძაგლიშვილმა თქვა. 

„ხელისუფლებამ საკუთარი ინიციატივით შექმნა კონსილიუმი, სადაც შეიყვანა სხვადასხვა დარგის სპეციალისტები და განაცხადეს, რომ კონსილიუმის რეკომენდაციებს შეასრულებდნენ ზედმიწევნით. ჩვენ ვნახეთ კონსილიუმის მიერ გაცემული რეკომენდაცია, რომლის თანახმად, შიმშილობის ამ ფაზაში უკვე არსებობს ის მდგომარეობა, როდესაც ნებისმიერ დროს შეიძლება საჭირო გახდეს გადაუდებელი სამედიცინო ჩარევა. ამ ჩარევის რესურსი მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში არ არსებობს, ამის მიუხედავად, ხელისუფლება არ ასრულებს მის მიერ შექმნილი კონსილიუმის რეკომენდაციებს". - ამბობს საძაგლიშვილი. 

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი დაკავების დღიდან რუსთავის N12 პენიტენციურ დაწესებულებაში პროტესტის ნიშნად შიმშილობს. მიხეილ სააკაშვილი თბილისში 1 ოქტომბერს დააკავეს.  

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა მიხეილ სააკაშვილის მიღებისთვის პენიტენციური სისტემის N18 სამკურნალო დაწესებულების მზადყოფნის ხარისხი შეამოწმა და განაცხადა, რომ დაწესებულებაში არსებული ვითარება, სრულფასოვნად არ შეესაბამება ექიმთა მულტიფუნქციური ჯგუფის მიერ გაცემულ 2021 წლის 23 ოქტომბრის დასკვნასა და რეკომენდაციებს, ასევე არსებობს გარკვეული რისკები უსაფრთხოების თვალსაზრისით. მეორე მხრივ, იუსტიციის მინისტრი, რატი ბრეგაძის თქმით, ექიმები ამბობენ, რომ ციხის საავადმყოფო სრულად გამართულია მიხეილ სააკაშვილის მისაღებად.

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, ნიკა გვარამიას თქმით, ციხის საავადმყოფო მიხეილ სააკაშვილის უსაფრთხოების მინიმალურ გარანტიასაც არ უზურნველყოფს და მისი ინფორმაციით, იქნება ე.წ იმიტირებული ბუნტი, რომელიც დასრულდება სააკაშვილის ლიკვიდაციით.

კომენტარები