მიხეილ სააკაშვილის დაკავება

დროა: სააკაშვილის ციხის საავადმყოფოში გადაყვანა იქნება ოცნების პირადი ანგარიშწორება

დროა

პარტია დროა დაკავებული ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჰოსპიტალიზებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. ისინი სააკაშვილის ციხის საავადმყოფოში გადაყვანას ქართული ოცნების მიერ პოლიტიკურ დევნადა და პირად ანგარიშწორებად მიიჩნევენ. 

პარტია სააკაშვილის სიცოცხლესა და უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობას საქართველოს ხელისუფლებას აკისრებს. 

გთავაზობთ განცხადებას: 

"26 დღიანი შიმშილობის შემდეგ, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა შესაძლოა ნებისმიერ დროს უკიდურესად დამძიმდეს, ამიტომ საჭიროა მისი დაუყოვნებლივი ჰოსპიტალიზება სამოქალაქო, მესამე კლასის კლინიკაში.

2021 წლის 23 ოქტომბერს გამართულმა კონსილიუმმა დაასკვნა, რომ მიხეილ სააკაშვილი მაღალი, მესამე კლასის კლინიკაში უნდა გადაიყვანონ. საქართველოს სახალხო დამცველის მიერ ჩატარებული მონიტორინგის შედეგად დადგინდა, რომ გლდანის საპატიმროს საავადმყოფოს არ აქვს იმ ტიპის სამედიცინო აპარატურა და შესაძლებლობები, რაც შესაძლოა სააკაშვილის სამკურნალოდ გახდეს საჭირო. ქართულმა ოცნებამ, ნაცვლად პატიმრის ჯანმრთელობაზე ზრუნვისა, ბინძური, ცილისმწამებლური და ცინიკური განცხადებები გააკეთა სახალხო დამცველის მისამართით და გამორიცხა სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის შესაძლებლობა.

ხელისუფლება იტყუება, როდესაც ამბობს, რომ პატიმრების სამკურნალოდ მხოლოდ ციხის საავადმყოფო განიხილება. 2020 წელს 585 პატიმარი გადაიყვანეს სამოქალაქო ჰოსპიტალში, რაც კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ მიხეილ სააკაშვილის მიმართ სახეზეა “ქართული ოცნების” პირადი ანგარიშწორება და პოლიტიკურად მოტივირებული დევნა.

მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანა არ არის მისი პრივილეგია, არამედ პირიქით - მისი ციხის საავადმყოფოში გადაყვანა იქნება პირადი შურისძიება. თითოეული ჩვენგანის ვალდებულებაა, მიუხედავად პოლიტიკური სიმპატიებისა და განწყობებისა, ერთხელ და სამუდამოდ დავასრულოთ პოლიტიკური ანგარიშწორება, უარი ვთქვათ ერთმანეთის განადგურებასა და ზიზღის პოლიტიკაზე, რასაც “ქართული ოცნება” გვთავაზობს. მიუხედავად მიხეილ სააკაშვილის მიმართ დამოკიდებულებისა, თითოეული ადამიანი იმსახურებს ჯანმრთელობის, სიცოცხლის უფლების დაცვასა და უფლებას, წარდგეს სამართლიანი მართლმსაჯულების წინაშე. ხელისუფლებას აქვს პირდაპირი ვალდებულება, უზრუნველყოს სააკაშვილის ჯანმრთელობა და პირადი უსაფრთხოება. ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობაზე, სიცოცხლესა და უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობა სრულად ეკისრება საქართველოს ხელისუფლებას". - წერია განცხადებაში. 


საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი დაკავების დღიდან, უკვე 26-ე დღეა რუსთავის N12 პენიტენციურ დაწესებულებაში პროტესტის ნიშნად შიმშილობს. მიხეილ სააკაშვილი თბილისში 1 ოქტომბერს დააკავეს.  

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა მიხეილ სააკაშვილის მიღებისთვის პენიტენციური სისტემის N18 სამკურნალო დაწესებულების მზადყოფნის ხარისხი შეამოწმა და განაცხადა, რომ დაწესებულებაში არსებული ვითარება, სრულფასოვნად არ შეესაბამება ექიმთა მულტიფუნქციური ჯგუფის მიერ გაცემულ 2021 წლის 23 ოქტომბრის დასკვნასა და რეკომენდაციებს, ასევე არსებობს გარკვეული რისკები უსაფრთხოების თვალსაზრისით. მეორე მხრივ, იუსტიციის მინისტრი, რატი ბრეგაძის თქმით, ექიმები ამბობენ, რომ ციხის საავადმყოფო სრულად გამართულია მიხეილ სააკაშვილის მისაღებად.

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, ნიკა გვარამიას თქმით, ციხის საავადმყოფო მიხეილ სააკაშვილის უსაფრთხოების მინიმალურ გარანტიასაც არ უზურნველყოფს და მისი ინფორმაციით, იქნება ე.წ იმიტირებული ბუნტი, რომელიც დასრულდება სააკაშვილის ლიკვიდაციით.

კომენტარები