მიხეილ სააკაშვილის დაკავება

სააკაშვილის ადვოკატი: ჩამოვიდა ჰოლანდიელი ექიმი, ხვალ ჩამოდის უკრაინელი რეანიმატოლოგი

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, გიორგი გელხაურის ინფორმაციით, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაში ჰოლანდიელი ექიმი ჩაერთო, რომელიც უკვე საქართველოშია. მისივე ინფორმაციით, ჩამოდის უკრაინელი რეანიმატოლოგი. 

"ამ საქმეში აქტიურად არის ჩართული უკრაინული მხარე და პრეზიდენტის ადმინისტრაცია. გუშინ ჩამოვიდა ჰოლანდიელი ექიმი და ხვალ ჩამოდის უკრაინელი რეანიმატოლოგი. საქმეში ასევე ჩაერთო კომაროვსკი, რომელიც არის უკრაინელი მედიკოსი, რომელიც საკმაოდ ცნობილი ექიმია. 

მათ ექნებათ კონსულტაციები სააკაშვილის პირად ექიმთან და შემდგომ მიიღებენ გადაწყვეტილებას მისი ნახვის და ა.შ. სააკაშვილი თანახმაა მხოლოდ იმ კლინიკაში ჰოსპიტალიზაციაზე, სადაც მოხდება მისი კვალიფიციური სამედიცინო დახმარება". - ამბობს გელხაური. 

მისივე თქმით, სააკაშვილი ამ წუთებში არ საჭიროებს ჰოსპიტალიზაციას, თუმცა, ის უფრო და უფრო სუსტდება.  

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი დაკავების დღიდან, უკვე 26-ე დღეა რუსთავის N12 პენიტენციურ დაწესებულებაში პროტესტის ნიშნად შიმშილობს. მიხეილ სააკაშვილი თბილისში 1 ოქტომბერს დააკავეს.  

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა მიხეილ სააკაშვილის მიღებისთვის პენიტენციური სისტემის N18 სამკურნალო დაწესებულების მზადყოფნის ხარისხი შეამოწმა და განაცხადა, რომ დაწესებულებაში არსებული ვითარება, სრულფასოვნად არ შეესაბამება ექიმთა მულტიფუნქციური ჯგუფის მიერ გაცემულ 2021 წლის 23 ოქტომბრის დასკვნასა და რეკომენდაციებს, ასევე არსებობს გარკვეული რისკები უსაფრთხოების თვალსაზრისით. მეორე მხრივ, იუსტიციის მინისტრი, რატი ბრეგაძის თქმით, ექიმები ამბობენ, რომ ციხის საავადმყოფო სრულად გამართულია მიხეილ სააკაშვილის მისაღებად.

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, ნიკა გვარამიას თქმით, ციხის საავადმყოფო მიხეილ სააკაშვილის უსაფრთხოების მინიმალურ გარანტიასაც არ უზურნველყოფს და მისი ინფორმაციით, იქნება ე.წ იმიტირებული ბუნტი, რომელიც დასრულდება სააკაშვილის ლიკვიდაციით.

კომენტარები