დაძაბულობა პოლონეთი-ბელარუსის საზღვარზე

ბელარუსი-პოლონეთის საზღვარზე მიგრანტებმა ორი პოლონელი სამხედრო დააშავეს

პოლონელი მესაზღვრეები

პოლონეთის მესაზღვრეების სამსახურის ცნობით, 24 ოქტომბერს, მიგრანტების მიერ ბელარუს-პოლონეთის საზღვრის გადაკვეთის უკანანო მცდელობის დროს დაშავდა ორი სამხედრო, რომელთა ჰოსპიტალიზაციაც საჭირო გახდა. 

"უცხოელთა, დაახლოებით, 60-კაციანი ჯგუფი პოლონეთში შეჭრას ცდილობდა. უცხოელები იყენებდნენ ჯოხებს და ისროდნენ ქვებს მესაზღვრეებისა და სამხედროების მიმართულებით. ერთ-ერთ სამხედროს სახეში ჯოხი დაარტყეს, მეორეს კი სახეში ქვა მოხვდა. საჭირო გახდა ორივე მათგანის ბელოსტოკის საავადმყოფოში გადაყვანა", – ამბობენ პოლონეთის სასაზღვრო სამსახურში. 

დაშავებული სამხედროების სიცოცხლეს საფრთხე არ შექმნია და მათ საავადმყოფო უკვე დატოვეს. 

დაზიანებები მიიღეს სხვა მესაზღვრეებმაც, მაგრამ მათ სამედიცინო დახმარების გაწევა არ დასჭირდათ. 

პოლონელი მესაზღვრეების ცნობით, მათ მიგრანტების ქვეყანაში უკანონოდ შეჭრის მცდელობა აღკვეთეს და საზღვარი ვერცერთმა მათგანმა ვერ გადაკვეთა.

ევროკავშირის რამდენიმე წევრი ქვეყანა, რომელიც ბელარუსს ესაზღვრება, კერძოდ: პოლონეთი, ლიტვა და ლატვია საზღვრებს გამკაცრებულად აკონტროლებენ, რადგან მინსკი მათი მიმართულებით ახლო აღმოსავლეთიდან და აფრიკიდან მომავალ არალეგალურ მიგრანტებს გზავნის. მოკავშირე ქვეყნები ამას ბელარუსისა და რუსეთის ჰიბრიდული ომის ნაწილად მიიჩნევენ.

ბოლო პერიოდში ვითარება განსაკუთრებით მძიმეა ბელარუსისა და პოლონეთის საზღვარზე. რამდენიმე კვირის წინ, ვარშავამ ბელარუსის ძალები მათი სამხედროების მიმართ ფუჭი ვაზნების სროლაშიც კი დაადანაშაულა.

მიგრანტებმა საზღვრის გადაკვეთა შტურმით აქამდეც სცადეს.

პოლონეთმა ბელარუსის საზღვარზე, უკანონო მიგრანტების კრიზისის ფონზე, სამხედროების რაოდენობა თითქმის 6 000-მდე გაზარდა.

კომენტარები