ისრაელი

ისრაელი იორდანეს დასავლეთ ნაპირზე 1 300 ახალი სახლის აშენებას გეგმავს, აშშ შეშფოთებულია

ებრაელთა დასახლება იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე

ისრაელის მშენებლობისა და საცხოვრებლების სამინისტროს ცნობით, მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე, რომლის ტერიტორიების ნაწილზეც პალესტინის მთავრობის იურისდიქცია ვრცელდება, 1 300-ზე მეტი ახალი სახლი აშენდება. დასავლეთ სანაპიროზე ებრაელების დასახლებების შენებას ეწინააღმდეგება ბაიდენი და მისი მთავრობა. ისრაელის მხრიდან, ბაიდენის პრეზიდენტობის განმავლობაში, ეს პირველი მსგავსი გადაწყვეტილებაა. 

"იუდეასა და სამარიაში 1 355 სახლის აშენების ტენდერი გამოცხადდა", – ნათქვამია ისრაელის მშენებლობის სამინისტროს განცხადებაში, რომელშიც დასავლეთ სანაპიროს ტერიტორიები ბიბლიური სახელებითაა მოხსენიებული. სახლები 7 სხვადასხვა დასახლებაში გადანაწილდება. 

მშენებლობის სამინისტროს მიერ ტენდერების გამოცხადება ბიუროკრატიული ნაბიჯია და პროექტის განხორციელებას დამატებითი დამტკიცებებიც, მათ შორის თავდაცვის სამინისტროს დასტურიც სჭირდება. 

აქამდე, გასულ კვირას ებრაული მედიები ავრცელებდნენ ინფორმაციას, რომ დასავლეთ სანაპიროს არეა C-ში 3 000-მდე სახლის აშენება იგეგმებოდა. ეს პროექტი ჯერ კიდევ აგვისტოში განიხილებოდა, თუმცა გადაიდო. 

ისრაელის მედიის ცნობით, ქვეყნის პრემიერმინისტრი, ნაფთალი ბენეტი აშშ-ს პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ზეწოლის ქვეშ იყო, რომ დასავლეთ სანაპიროზე დასახლებების მშენებლობები არ გაგრძელებულიყო. ბენეტი და ბაიდენი ერთმანეთს აგვისტოს ბოლო რიცხვებში შეხვდნენ. 

მემარჯვენე პარტია იამინას ლიდერი, ნაფთალი ბენეტი დიდი ხანი ემხრობა დასავლეთ სანაპიროზე დასახლებების შენებას და ეწინააღმდეგება პალესტინის სახელმწიფოს დაარსებას. 

ისრაელის მშენებლობის სამინისტროს განცხადებამდე, 3 000-მდე სახლის აშენებასთან დაკავშირებული ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, კომენტარი გააკეთა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა, ნედ პრაისმა. მან შეშფოთება გამოთქვა და ისრაელსა და პალესტინელებს მოუწოდა თავი შეეკავებინათ ისეთი ნაბიჯებისგან, რომლებიც ორი სახელმწიფოს გამოსავლის მოლაპარაკებებს ხელს შეუშლიდა. 

შეშფოთებულია გაერო-ც.

მშენებლობის სამინისტროს გეგმებზე უკმაყოფილება გამოთქვა მემარცხენე პარტია მერეცის წარმომადგენელმა, მოსი რაზმა.  მოსი რაზი ისრაელის კოალიციური მთავრობის წევრია. 

"იამინას მთავრობა უგულებელყოფს მერეცს. ის 10 გრადუსით უფრო მარჯვნივ მიექანება, ვიდრე წინა მთავრობა. დასახლებების შენება ისრაელის გარეთ ავნებს ისრაელს", – ამბობს მოსი რაზი. 

პარალელურად, ისრაელის მთავრობა 2021 წლის ბიუჯეტის დასადგენად ემზადება, რაც დიდი ხნით გადავადდა. კოალიციაში ბიუჯეტთან დაკავშირებით უკვე აზრთა სხვადასხვაობაა. თუკი ბოლო ვადამდე, 14 ნოემბრამდე მთავრობა ბიუჯეტს ვერ მიიღებს, კოალიცია ავტომატურად დაიშლება და კიდევ ერთი ვადამდელი არცევნები დაინიშნება.

კომენტარები