ისრაელი

ისრაელის ფინანსთა მინისტრი: ირანთან კონფლიქტი დროის საკითხია, არცთუ ისე დიდი დროის

ისრაელის ფინანსთა მინისტრი, ავიგდორ ლიბერმანი
The Times of Israel

ისრაელის ფინანსთა მინისტრის, ავიგდორ ლიბერმანის თქმით, ირანთან კონფლიქტი გარდაუვალია. 

"ირანთან კონფლიქტი მხოლოდ დროის საკითხია და არც თუ ისე დიდი დროის", – ამბობს ლიბერმანი.

ისრაელის ფინანსთა მინისტრი 2015 წლის ბირთვული შეთანხმების განახლების მცდელობასა და ვენის მოლაპარაკებებს სკეპტიკურად უყურებს. 

"ირანის ბირთვულ პროგრამას ვერანაირი დიპლომატიური პროცესი ან შეთანხმება ვერ შეაჩერებს", – თქვა ლიბერმანმა. 

გასულ დღეებში, ისრაელის მე-12 არხმა გამოაცხადა, რომ ისრაელის მთავრობამ ირანზე, ბირთვული პროექტის გამო, შესაძლო თავდასხმისთვის არმიის მოსამზადებლად 5 მილიარდი შეკელის ღირებულების, ანუ, დაახლოებით, $1.5-მილიარდიანი ბიუჯეტი დაამტკიცა.

2021 წლის ივნისში, მას შემდეგ, რაც პრეზიდენტად ულტრა-კონსერვატორი და ხისტი პოლიტიკით ცნობილი ებრაჰიმ რაისი აირჩიეს, ირანმა შეწყვიტა აშშ-სთან არაპირდაპირი საუბრები ახალ ბირთვულ შეთანხმებასთან დაკავშირებით. 

გასულ თვეში ისრაელის თავდაცვის ძალების მეთაურმა, ავივ კოჰავიმ თქვა, რომ ირანის ბირთვულ პროგრამაზე იერიშის გეგმებზე აქტიურად მუშაობდნენ და დაამატა: "ეს ძალიან რთული საქმეა, რომელსაც სჭირდება მეტი დაზვერვა, მეტი ოპერატიული შესაძლებლობები, ბევრად მეტი შეიარაღება. ჩვენ ამ ყველაფერზე ვმუშაობთ".

კომენტარები