მიხეილ სააკაშვილის დაკავება

ჯაღმაიძე: ვინ უნდა შერიგდეს ერთმანეთთან? არავინ შენდობას არ ითხოვს

"ვინ უნდა შერიგდეს ერთმანეთთან? არავინ შენდობას არ ითხოვს". - საპატრიარქოს პრესსპიკერმა, ანდრია ჯაღმაიძემ, Palitranews-ის ეთერში, ე.წ. საყოველთაო შერიგების შესახებ ისაუბრა. 

"უბრალოდ ვკითხულობ, ვისთან უნდა შედგეს შერიგება? წარმოიდგინეთ, რომ ერთმა ადამიანმა მეორეს რაღაც დაუშავა, ვინ უნდა შერიგდეს ერთმანეთთან? მესამე ხომ არ შეურიგდება რომელიმეს? ერთმა უნდა ითხოვოს შენდობა და მეორე უნდა იყოს თანახმა ამ შენდობისა. ერთმანეთს უნდა მიმართოს იმ ხალხმა, ვინც ერთმანეთს ემდურის და აწყენინა. ეს არის აქ გაურკვეველი, რომ არავინ შენდობას არ ითხოვს. არავინ არავის არ ელაპარაკება შენდობის ენით, პირიქით, ჩვენ ვნახეთ, მეუფე შიოს ქადაგება როგორც გაიგეს და როგორი რეაქცია მოჰყვა ამას და ეს რიტორიკა ახლა კი არ დაწყებულა". - თქვა ჯაღმაიძემ. 

მან ასევე თქვა, რომ ზოგიერთ სასულიერო პირს,  პოლიტიკური პირების მიმართ, სიმპატიები და პოლიტიკური დამოკიდებულება აქვს და "ეს მათი საქმეა".

"ჩვენ ვხედავთ, რომ სასულიერო პირებში არის გარკვეული სიმპათიები, ანტიპათიები სხვადასხვა პოლიტიკური პარტიებისადმი და ეს მათი საქმეა და მათი პირადი დამოკიდებულებაა და რეალობაა, რომელშიც კარგა ხანია ვცხოვრობთ - ყველას თავისუფლად შეუძლია, ჰქონდეს თავისი პირადი დამოკიდებულება". - თქვა ჯაღმაიძემ. 


13 ოქტომბერს მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად რუსთავის ციხეში მივიდა კუმორდოს, კარისა და ახალქალაქის მიტროპოლიტი, მეუფე ნიკოლოზ ფაჩუაშვილი, რომელმაც დაწესებულების დატოვების შემდეგ მხარეებს "შერიგებისკენ" მოუწოდა. 

სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით შექმნილ პეტიციას ხელი მოაწერა შემოქმედელმა მიტროპოლიტმა, მეუფე იოსებ კიკვაძეც, მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსმა, მელქისედეკ ხაჩიძემ და ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტმა ნიკოლოზ ფაჩუაშვილმა. გარდა ამისა, ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა, მეუფე გრიგოლმა განცხადება გაავრცელა, რომლის მიხედვითაც, "სააკაშვილის ციხეში ყოფნის ყოველი დღე ქვეყნის ინტერესების საზიანოდ მოქმედებს". პეტიციას უერთდება მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტი ანანიაც. 

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი დაკავების დღიდან, უკვე მე-20 დღეა რუსთავის N12 პენიტენციურ დაწესებულებაში პროტესტის ნიშნად შიმშილობს. მიხეილ სააკაშვილი თბილისში 1 ოქტომბერს დააკავეს.

19 ოქტომბერს სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ შექმნილი ექიმთა ჯგუფის შეხვედრის შემდეგ სააკაშვილის პირადმა ექიმმა, ნიკოლოზ ყიფშიძემ თქვა, რომ იუსტიციის სამინისტროში შეხვედრაზე სააკაშვილის "პრევენციულ ჰოსპიტალიზაციაზე" შეთანხმდნენ. თუმცა, მისივე სიტყვებით, ჯერ ექსპრეზიდენტის თანხმობაა საჭირო.

კომენტარები