არჩევნები 2021

"უარი თქვით ოცნებაზე" – სააკაშვილის მიმართვა საჯარო მოხელეებს და სამართალდამცავებს

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, საჯარო მოხელეებს, სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლებს, კომისიებში დასაქმებულ პედაგოგებს და სხვებს მიმართავს.

ის მათ მოუწოდებს რომ ქართულ ოცნებას ხმა არ მისცენ და ოპოზიცაზე გააკეთონ არჩევანი.  სააკაშვილის მიმართვა FACEBOOK-ზე ვრცელდება. 

"მინდა გთხოვოთ, რომ ყოველთვის გახსოვდეთ, რომ თქვენ, უპირველეს ყოვლისა, საქართველოს შვილები ხართ და როგორც ყველა ნორმალურ ადამიანს, გსურთ თავისუფალ, დემოკრატიულ, დაცულ და განვითარებულ ქვეყანაში ცხოვრება, სადაც უზრუნველყოფილი იქნება თქვენი კეთილდღეობა. ის, რასაც თქვენ გაკეთებინებენ, ეწინააღმდეგება სწორედ ამ მიზნებს და უფსკრულისკენ მიაქანებს ჩვენს სამშობლოს. ამიტომ მოგიწოდებთ ყველას, უარი თქვით არა მხოლოდ აქტიურ გაყალბებაზე, არამედ თვალის დახუჭვაზეც თქვენს თვალწინ მიმდინარე გაყალბებაზე. უარი თქვით ქართულ ოცნებაზე და აირჩიეთ სამშობლო, რომლის სასარგებლოდ არჩევანის გაკეთება დღეს ოპოზიციის არჩევაზე გადის.

მოვუწოდებ სპეცრაზმელებს და პოლიციელებს, ნუ დაარბევენ საკუთარი ხალხის მშვიდობიან საპროტესტო აქციებს. იმ ხალხის, ვისი დაცვაც მათი მოვალეობაა. სწორედ ხალხის, და არა რეჟიმის და პირადად ივანიშვილის.

მოვუწოდებ სამთავრობო მასმედიის წარმომადგენლებს, ღიად თქვან სიმართლე და უარი თქვან აშკარა სიცრუეზე და ამით წვლილი არ შეიტანონ საკუთარი სამშობლოს განადგურებაში.

ჩვენ წინ გვაქვს დიდი შერიგება, ხოლო შერიგებას ერთმანეთის შემხვედრი მოძრაობები სჭირდება ყველას მხრიდან.

ძვირფასო სახელმწიფო სამსახურში დასაქმებულებო, თქვენ არავის ვალი არ გაქვთ, პირიქით, სახელწიფოს აქვს თქვენი ვალი, ვინაიდან თქვენს აბსოლუტურ უმრავლესობას ამუშავებს მიზერულ ხელფასზე და დამამცირებელ პირობებში ამყოფებს. ამიტომ, ჩვენს მოვალეობად თქვენს გათავისუფლებასაც ვთვლით და მერე ბევრად მეტად დაფასდება თქვენი ნიჭი და უნარები და ბევრად უფრო რეალიზებულად და სასარგებლოდ იგრძნობს თითოეული თქვენგანი თავს"- წერია მიმართვაში. 

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი დაკავების დღიდან, უკვე მე-18 დღეა რუსთავის N12 პენიტენციურ დაწესებულებაში პროტესტის ნიშნად შიმშილობს. მიხეილ სააკაშვილი თბილისში 1 ოქტომბერს დააკავეს.

სააკაშვილის პირადი ექიმისა და ადვოკატების ინფორმაციით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესებულია – მას უჭირს საუბარი და გადაადგილება. სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადებით კი, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

კომენტარები