მიხეილ სააკაშვილის დაკავება

ბრაიზა სააკაშვილის დაკავებაზე: ერთი არჩევანი შეიძლება ნამდვილი სასამართლოს დანიშვნა იყოს

მეთიუ ბრაიზა

აშშ-ის ყოფილი დიპლომატი მეთიუ ბრაიზა ამერიკის ხმასთან ინტერვიუში ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილის დაკავების შემდეგ საქართველო მორიგ პოლიტიკურ კრიზისშია. კრიზისიდან გამოსვლისთვის ერთ-ერთი არჩევანი ყოფილი პრეზიდენტისთვის წაყენებულ ბრალდებებზე ახალი სასამართლოს დანიშვნა შეიძლება იყოს.

"ერთი არჩევანი შეიძლება ის იყოს, რომ დაინიშნოს ნამდვილი სასამართლო იმ ბრალდებებზე, რომლებიც მას [სააკაშვილს] წაყენებული ჰქონდა. ახლა ის ხომ ქვეყანაშია, ციხეშია! იმედია საქართველოს მთავრობა გადაწყვეტს, რომ კანონის უზენაესობას მიჰყვეს და მიიღოს ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც საერთაშორისო დამკვირვებლების მიერ იქნება მიღებული, როგორც სამართლიანი - იყოს სამართლიანი ბრალის დამტკიცება ან გათავისუფლება". – თქვა ბრაიზამ.

ყოფილმა დიპლომატმა აღნიშნა, რომ სააკაშვილის დაკავება საქართველოს იმიჯისთვის საშინელებაა და ნებისმიერი ქვეყანა, სადაც მთავრობა პოლიტიკურ ოპონენტებს იჭერს საერთაშორისო დონეზე პრობლემებში ეხვევა.

"ვფიქრობ საქართველოს იმიჯისთვის ეს საშინელებაა, ამას ვამბობდი ცოტა ადრე. საქართველოს მთავრობას კრიზისი გადალახული ჰქონდა, მაგრამ მათ კიდევ ერთხელ დააპატიმრეს პოლიტიკური ოპონენტი. ამ შემთხვევაში მათი ყველაზე ძლიერი ოპონენტი, ყველაზე ძლიერი ოპოზიციური ლიდერი. ნებისმიერი ქვეყანა სადაც მთავრობა პოლიტიკურ ოპონენტებს იჭერს, საერთაშორისო დონეზე პრობლემებში ეხვევა. ესაა ყველაზე დიდი პრობლემა, ვაშინგტონში ხედავენ. ნებისმიერი ლიდერი, რომელიც პოლიტიკურ ოპონენტს აპატიმრებს ავტომატურად აღიქმება, როგორც ანტიდემოკრატიული. ეს მხოლოდ რეპუტაციაზე არ მოქმედებს." – თქვა მეთიუ ბრაიზამ.

ბრაიზა აღნიშნავს, რომ მას სააკაშვილისთვის წარდგენილ ბრალდებებთან დაკავშირებით ყველა ფაქტი არ აქვს, მაგრამ საერთო ჯამში ეს პოლიტიზებულ დაკავებად გამოიყურება და საქართველოს მთავრობას ძალიან ვნებს.


საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი დაკავების დღიდან, უკვე მე-18 დღეა რუსთავის N12 პენიტენციურ დაწესებულებაში პროტესტის ნიშნად შიმშილობს. მიხეილ სააკაშვილი თბილისში 1 ოქტომბერს დააკავეს.

სააკაშვილის პირადი ექიმისა და ადვოკატების ინფორმაციით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესებულია – მას უჭირს საუბარი და გადაადგილება. სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადებით კი, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

14 ოქტომბერს თბილისში მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით მასშტაბური საპროტესტო აქცია გაიმართა.

კომენტარები