ვაქცინაცია საქართველოში

პრემიერის გეგმით, სექტემბრის ბოლომდე 2 მლნ უნდა აეცრათ, აიცრა მხოლოდ 984 595 ადამიანი

ტაბულა

"ჩვენი ამოცანა უნდა იყოს, რომ სექტემბრის ბოლომდე 2 მილიონი ჩვენი მოქალაქე იყოს აცრილი. აქედან ზოგი იქნება ერთჯერადად, ზოგი იქნება უკვე ორჯერადად აცრილი, ალბათ, მილიონს უკვე გადატანილი ექნება და აქვს კიდევაც უკვე გადატანილი" - ამის შესახებ პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 30 აგვისტოს განაცხადა. იქამდეც, რამდენიმე დღით ადრე, პრემიერმიმინისტრმა თქვა, რომ "ამ ტემპების შენარჩუნებით, ჩვენ შეგვიძლია, სექტემბრის ბოლოს 2 მილიონი ადამიანი იყოს აცრილი".

თუმცა, 1 ოქტომბრის მონაცემებით, ქვეყანაში ჯამში მხოლოდ 1 799 446 აცრა ჩატარდა. შესაბამისად, ვაქცინაციიის დაწყებიდან სექტემბრის ბოლომდე სულ მცირე ერთი დოზით არა ორი მილიონი, არამედ, მხოლოდ 984 595 ადამიანი იყო ვაქცინირებული. 

ოქტომბრის 17 დღეში კი, საქართველოში პირველი დოზით 26 525 ადამიანს ჩაუტარდა ვაქცინაცია, დღეში საშუალოდ - 1 560-ს. სულ მცირე ერთი დოზით ქვეყანაში ჯამში, 7 თვეში, მილიონზე ოდნავ მეტი ადამიანია აცრილი (1 011 376, მოზრდილი მოსახლეობის 35.6%).

ქვეყანაში ვაქცინაცია 7 თვის წინ, მარტში დაიწყო, მასობრივი ვაქცინაცია კი - მხოლოდ ივლისში. ამ დროისთვის, აცრები ფაიზერის, სინოფარმის და სინოვაკის ვაქცინებით არის შესაძლებელი. ასტრაზენეკათი ვაქცინაცია მხოლოდ მათ შეუძლიათ, ვისაც მეორე დოზა აქვს დაგეგმილი. 

კომენტარები