ბათუმი

ბათუმში ჩამონგრეული შენობის მომიჯნავე კორპუსიდან 50-მდე ოჯახი გაიყვანეს

ბათუმში 26 მაისის ქუჩაზე ჩამონგრეული კორპუსის მომიჯნავე შენობიდან 50-მდე ოჯახი გაიყვანეს. როგორც ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელი, ლელა სურმანიძე ამბობს, მუნიციპალურმა ინსპექციამ აღმოაჩინა, რომ შენობის პირველ სართულზე სარემონტო სამუშაოები ნებადართული პროექტის დარღვევით მიმდინარეობს. 

"ექსპერტიზის სრულ დასკვნას ჯერ არ ვიცნობთ. არის სპეციალისტებისგან მოთხოვნა, რომ პრევენციის მიზნით აქ მცხოვრებლების ევაკუაცია მოხდეს. მოგეხსენებათ, დღეს ჩაუტარდა ექსპერტიზა დანგრეული კორპუსის მომიჯნავე ორივე სახლს. ერთს არ აქვს პრობლემა, მეორედან ევაკუაცია კი პირველ სართულზე მიმდინარე სარემონტო სამუშაოების გამო განხორციელდა. მუნიციპალურმა ინსპექციამაც აღმოაჩინა ნებადართული პროექტის დარღვევის ფაქტი. ამ კორპუსში 50-მდე ოჯახი ცხოვრობს. მათი ნაწილისთვის ეს არ არის მუდმივი საცხოვრებელი და არ იმყოფებიან აქ, დანარჩენი ყველა ოჯახი გადავა სასტუმროში, მე პირადად გადავდივარ ძმასთან". - ამბობს სურმანიძე ინტერპრესნიუსის ინფორმაციით. 

როგორც კორპუსის ერთ-ერთი მცხოვრები ამბობს, ექსპერტიზა მოსახლეობამ მოითხოვა, მისივე ინფორმაციით, მერია კორპუსის გამაგრებას აპირებს. 

"დღეს დამიკავშირდა ჩვენი მერიის წარმომადგენელი. გვითხრეს, რომ დღევანდელი ექსპერტიზის, პირველადი დათვალიერების შედეგად ერთ-ერთ სადარბაზოში სიტუაცია ავარიულია, ამიტომ ხდება მოსახლეობის სრული ევაკუაცია. ორშაბათს გვეტყვიან კონკრეტულ ინფორმაციას - გამაგრებაზე არის საუბარი და, ალბათ, სპეციალისტები დადებენ დასკვნას, თუ როგორ უნდა გამაგრდეს, რა გზით და ამის შემდეგ უკვე გაირკვევა დანარჩენი მოსახლეობის ბედი. სამეზობლომ მომმართა რამდენიმე სადარბაზოდან, რომ მომეთხოვა სრული სახლის ექსპერტიზა -  ხანგრძლივი თხოვნისა და მოთხოვნის შემდგომ მივაღწიეთ, რომ ყველა სადარბაზოში მოხდა ექსპერტიზის მიერ დათვალიერება". - ამბობს ის ტელეკომპანია პირველთან ინტერვიუში. 


ბათუმში 8 ოქტომბერს კორპუსის ჩამონგრევას ჯამში 9 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. მაშველებმა ნანგრევებიდან სულ 10 ადამიანი ამოიყვანეს, მათგან 2 ცოცხალი, თუმცა ქალი სხეულის მძიმე დაზიანებებით საავადმყოფოში გარდაიცვალა, კაცი კი – გადარჩა. გარდაცვლილებს შორის 3 არასრულწლოვანია.

კორპუსი ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე 8 ოქტომბერს ჩამოინგრა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ კორპუსის ჩამონგრევის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში პირველი სართულის ბინის მეპატრონე და 2 მუშა დააკავა. მათ პატიმრობა შეეფარდათ. გამოძიების ინფორმაციით, კორპუსის ერთი სადარბაზოს ჩამონგრევა პირველ სართულზე სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების უსაფრთხოების წესების უხეში დარღვევით წარმოებამ გამოიწვია.

კომენტარები