დაძაბულობა სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე

ყარაბაღში შეტაკება მოხდა, მხარეების ცნობით დაშავდა 6 სომეხი, გარდაიცვალა 1 აზერბაიჯანელი

აზერბაიჯანული და სომხური მხარეები ავრცელებენ ცნობებს, მთიან ყარაბაღში, რუსი სამშვიდობოების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მომხდარი შეტაკების შესახებ.

სომხეთის სახალხო დამცველი, არმან ტატოიანი სოციალურ ქსელ Facebook-ზე წერს, რომ აზერბაიჯანელი სამხედროების თავდასხმის შედეგად, დაიჭრა 6 სომეხი სამხედრო, აქედან 2 რთულ მდგომარეობაშია. მისი ინფორმაციით, შეტაკება სოფელ ნორშენში (ან, როგორც აზერბაიჯანელები ეძახიან, იენიქენდში) მოხდა. სომხეთის სახალხო დამცველის თქმით, ცეცხლს ისროდნენ სხვა მიმართულებებითაც. 

საპირისპირო ინფორმაციას ავრცელებს აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო. მათი ინფორმაციით, გარდაიცვალა ერთი აზერბაიჯანელი სამხედრო.

"უკანონო სომხურმა შეიარაღებულმა დანაყოფებმა აზერბაიჯანის ტერიტორიაზე, სადაც რუსი სამშვიდობოები დროებით არიან განლაგებული, კვლავ ჩაიდინეს ტერორისტული აქტი. 14 ოქტომბერს, 18:15-ზე, სომხური უკანონო შეიარაღებული დანაყოფების სნაიპერის გასროლის შედეგად, გარდაიცვალა აზერბაიჯანის სამხედრო მოსამსახურე", – წერია აზერბაიჯანის განცხადებაში.

კომენტარები