ინფლაცია

ბოსტნეული 46.4%-ით გაძვირდა, ზეთი 26%-ით გაიაფდა, წლიური ინფლაცია 0.9%-ია – საქსტატი

Reuters

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2023 წლის აგვისტოში, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონე 0.7%-ით გაიზარდა, ხოლო წლიურმა ინფლაციის დონემ საქართველოში 0.9% შეადგინა.

საქსტატის ინფორმაციით, წინა წელთან შედარებით სურსათსა და ალკოჰოლურ სასმელზე ფასი 2.4%-ით გაიზარდა, ალკოჰოლურ სასმელებსა და თამბაქოზე კი - 5.7%-ით. განათლება - 6.9%-ით გაძვირდა, საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია და აირი 5%-ით, სასტუმროები, კაფეები და რესტორნები კი, 7.2%-ით.

ფასები მომატებულია შემდეგ ქვეჯგუფებზე: ბოსტნეული და ბაღჩეული (46.4%), ხილი და ყურძენი (12.9%), თევზეული (9.7%), ხორცი და ხორცის პროდუქტები (5.8%), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (5.8%), ყავა, ჩაი და კაკაო (1.8%). საქსტატის ცნობით, ფასები შემცირებულია ზეთსა და ცხიმზე (-26.3%), პურსა და პურპროდუქტებზე (-7.9%).

საქსტატის ცნობით, ერთ წელში ფასი ყველაზე მეტად ტრანსპორტზე (-7.9%) და ჯანდაცვაზე (-7.3%)  შემცირდა. ავეჯი, საოჯახო ნივთები, სახლის მოვლა - 0.6%-ით გაიაფდა, დასვენება, გართობა და კულტურა - 1.5%-ით.

რაც შეეხება წინა თვეს, ივლისთან შედარებით, სურსათსა და უალკოჰოლო სასმელებზე ფასები 2.1%-ით გაიზარდა, აქედან ყველაზე მეტად ფასმა ბოსტნეულსა და ბაღჩეულზე მოიმატა (19.3%). საქსტატი ირწმუნება, რომ ამ კატეგორიაში ფასები შემცირდა პურსა და პურპროდუქტებზე (-1.2%), ასევე, ზეთსა და ცხიმზე (-1.1%);

ალკოჰოლურ სასმელებსა და თამბაქოზე ივლისის თვესთან შედარებით ფასი 0.4%-ით შემცირდა, საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია და აირი 0.1%-ით გაძვირდა, ტრანსპორტი 1.6%-ით, სასტუმროების, კაფეების და რესტორნების ფასი იგივე დარჩა, ავეჯი, საოჯახო ნივთები და სახლის მოვლა 0.1%-ით გაიაფდა, ჯანდაცვა 0.6%-ით, ხოლო დასვენება, გართობა და კულტურა 0.3%-ით.

კომენტარები