ინფლაცია

აგვისტოში ფასების საერთო დონეზე ყველაზე დიდი გავლენა მწვანილის ფასის ზრდას ჰქონდა – სებ

მწვანილი

ეროვნული ბანკის ცნობით, აგვისტოში, წინა თვესთან შედარებით, ფასების საერთო დონეზე ყველაზე დიდი გავლენა მწვანილის ფასის 115.9%-ით ზრდამ იქონია - ამან თვის ინფლაცია 0.4 პროცენტული პუნქტით (პპ) გაზარდა. გარდა ამისა, ბენზინის 4.2%-ით გაძვირებას თვის ინფლაციაზე დამატებით 0.2 პპ გავლენა ჰქონდა. 

ეროვნული ბანკის ყოველთვიური მიმოხილვის მიხედვით, აგვისტოში სურსათის ფასები წლიურად 2.2%-ით გაიზარდა, რამაც ინფლაცია 0.7 პპ-ით გაზარდა.

გაძვირებული სურსათიდან გამოსარჩევია მწვანილი და ძროხის ხორცი, რომელთა ჯამური წვლილი წლიურ ინფლაციაში 0.9 პპ იყო, ხოლო გაიაფებული სურსათიდან აღსანიშნავია მზესუმზირის ზეთი და პური.

"ამ ორი პროდუქტის გაიაფებამ ინფლაცია ჯამში 1.1 პპ-ით შეამცირა. აგვისტოში დანარჩენი პროდუქტებიდან გამოსარჩევი ფართოდ მოხმარებადი მედიკამენტების გაიაფება იყო, რაც ჯამში ინფლაციას 1.0 პპ-ით ამცირებდა, ხოლო გაზრდილი საბანკო მომსახურების და ბინის დაქირავების ღირებულება ინფლაციას შესაბამისად, 0.4 პპ-ით და 0.2 პპ-ით ზრდიდა" - აღნიშნავს ეროვნული ბანკი.

სებ-ის შეფასებით, ინფლაციის შემცირება მეტწილად იმპორტული ინფლაციის კლებამ განაპირობა - აგვისტოში იმპორტირებული საქონლის წლიური 5.8%-იანი დეფლაცია იყო, მაშინ, როცა ადგილობრივად წარმოებული პროდუქტების წლიური ინფლაცია 6.1%-ს შეადგენს.


სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2023 წლის აგვისტოში, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონე 0.7%-ით გაიზარდა, ხოლო წლიურმა ინფლაციის დონემ საქართველოში 0.9% შეადგინა.

საქსტატის ინფორმაციით, წინა წელთან შედარებით სურსათსა და ალკოჰოლურ სასმელზე ფასი 2.4%-ით გაიზარდა, ალკოჰოლურ სასმელებსა და თამბაქოზე კი - 5.7%-ით. განათლება - 6.9%-ით გაძვირდა, საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია და აირი 5%-ით, სასტუმროები, კაფეები და რესტორნები კი, 7.2%-ით.

ფასები მომატებულია შემდეგ ქვეჯგუფებზე: ბოსტნეული და ბაღჩეული (46.4%), ხილი და ყურძენი (12.9%), თევზეული (9.7%), ხორცი და ხორცის პროდუქტები (5.8%), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (5.8%), ყავა, ჩაი და კაკაო (1.8%). საქსტატის ცნობით, ფასები შემცირებულია ზეთსა და ცხიმზე (-26.3%), პურსა და პურპროდუქტებზე (-7.9%).

საქსტატის ცნობით, ერთ წელში ფასი ყველაზე მეტად ტრანსპორტზე (-7.9%) და ჯანდაცვაზე (-7.3%)  შემცირდა. ავეჯი, საოჯახო ნივთები, სახლის მოვლა - 0.6%-ით გაიაფდა, დასვენება, გართობა და კულტურა - 1.5%-ით.

კომენტარები