საარსებო მინიმუმი

საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა რეკორდულად მაღალ ნიშნულზეა 

საქართველოში საარსებო შემწეობის მიმღები ოჯახებისა და მოსახლეობის რაოდენობა ივლისსა და აგვისტოში მკვეთრად გაიზარდა და მაჩვენებელმა რეკორდულად მაღალ ნიშნულს მიაღწია.

სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, აგვისტოში შემწეობა 622 932 ადამიანმა და 168 798 ოჯახმა მიიღო, რაც ქვეყნის მოსახლეობის 16.7%-ა. 

აღსანიშნავია, რომ ივლისში საარსებო შემწეობის ბენეფიციარების რაოდენობა უჩვეულოდ მკვეთრად, 66 609-ით გაიზარდა. 

საერთო ჯამში, სოციალურ დახმარებაზე აგვისტოში 42.5 მილიონი ლარი დაიხარჯა, ანუ, საშუალოდ, თითოეულ ადამიანზე 68 ლარი გაიცა.  

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, სიღარიბის აბსოლუტურ ზღვარს ქვევით მოსახლეობის 21.3% იმყოფება. ქვეყანაში ცხოვრების ღირებულება კი ყოველთვიურად იზრდება. 


აგვისტოში საარსებო მინიმუმი რეკორდულ ნიშნულამდე, 221.1 ლარამდე გაიზარდა, რაც იმაზე მიუთითებს, რომ მოსახლეობას ცხოვრება უძვირდება. 

საარსებო მინიმუმის ზრდა, გარკვეულწილად, ინფლაციის მაღალ დონეს უკავშირდება. აგვისტოს მდგომარეობით, ქვეყანაში ინფლაციის მაჩვენებელი 10 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი – 12.8% იყო.

კომენტარები