კოსოვო

კოსოვოში პოლიციასა და ეთნიკურ სერბებს შორის რეიდების დროს შეტაკებები მოხდა

კოსოვოელი პოლიციელი იარინიეს გამშვებ პუნქტთან
RFE/RL

კოსოვოს ჩრდილოეთში პოლიციასა და ეთნიკურ სერბებს შორის შეტაკებები მოხდა, როდესაც სამართალდამცველები კონტრაბანდის საწინააღმდეგო რეიდებს ატარებდნენ. 

კოსოვოს პოლიციის განცხადებით, რეიდები 4 ნაწილში ჩაატარეს, მათ შორის ჩრდილოეთ მიტროვიცაში, რომელიც ძირითადად ეთნიკური სერბებითაა დასახლებული. 

გავრცელებულ კადრებში ჩანდა, თუ როგორ იყენებდა პოლიცია ცრემლსადენ გაზს, სერბები კი მათ ქვებსა და სხვა საგნებს ესროდნენ. ასევე, ეთნიკურმა სერბებმა მთავარი გზა სატვირთო მანქანებით გადაკეტეს, როგორც ეს წინა კვირებში, კოსოვო-სერბეთის საზღვარზე საავტომობილო ნომრების გამო შექმნილი კრიზისის დროს გააკეთეს

კოსოვოს პოლიცელები ქალაქ მიტროვიცაში ქუჩას აკონტროლებენ, 2021 წელი, 13 ოქტომბერი
AP News

სერბები იუწყებიან გასროლებსა და დაშავებულებზეც, რაც ოფიციალურად არ დასტურდება. 

სერბული მედიის ცნობით, სიტუაცია საკმაოდ დაძაბულია მას შემდეგ, რაც პოლიციამ აფთიაქსა და რამდენიმე მაღაზიაზე რეიდი მოაწყო, რათა კონტრაბანდული ქმედებები შეეჩერებინათ. 

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოსეფ ბორელმა მხარეებს ძალადობის დროული შეწვეტისკენ მოუწოდა.

"ძალადობრივი ინციდენტები კოსოვოს ჩრდილოეთში დაუყოვნებლივ უნდა შეჩერდეს. ერთპიროვნული და შეუთანხმებელი გადაწყვეტილებები, რომლებიც სტაბილურობას საფრთხეს უქმნის, მიუღებელია. 

ყველა ღია პრობლემა განხილული უნდა იყოს ევროკავშირის წარმოებული დიალოგის ფარგლებში. ბელგრადთან და პრისტინასთან კონტაქტი გვაქვს", – წერს ჯოზეფ ბორელი.


გასულ დღეებში კოსოვო-სერბეთის საზღვარზე დაძაბული ვითარება იყო. კოსოვოელი სერბების დემონსტრაცია მოჰყვა კოსოვოს ახალ რეგულაციას, რომლის მიხედვითაც სერბეთიდან შემომავალ ავტომობილებს საკუთარი რეგისტრაციის ნომრის გამოყენება არ შეეძლებოდათ და მის ნაცვლად მანქანისთვის უნდა დაეყენებინათ კოსოვოს დაბეჭდილი დროებითი ნომერი, რომელიც გამოსადეგი 60 დღის განმავლობაში იქნებოდა. 

კოსოვოს მთავრობის განმარტებით, ეს რეგულაცია არის 2008 წელს სერბეთის მიერ დაწესებული ასეთივე შეზღუდვის პასუხი. 2008-ში კოსოვომ, რომელზეც სერბეთმა კონტროლი 1999 წელს NATO-ს ინტერვენციის შემდეგ დაკარგა, დამოუკიდებლობა გამოაცხადა. 

რეგულაციის საპასუხოდ, კოსოვოელმა სერბებმა სატვირთო მანქანებით კოსოვო-სერბეთის საზღვართან ჯაჭვი შექმნეს და ორი მთავარი გზა გადაკეტეს, რამაც ორ ქვეყანას შორის ვითარება დაძაბა. ევროკავშირი და NATO მხარეებს მშვიდობის შენარჩუნებისკენ მოუწოდებდა. პროტესტი უკვე ერთი კვირაა რაც გრძელდება.

უთანხმოება გადაიზარდა ძალადობაშიც. 26 სექტემბერს ჩრდილოეთ კოსოვოში, სადაც დაძაბული ვითარება იყო, თავს დაესხნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს ორ შენობას, მათ შორის მანქანების რეგისტრაციის ოფისს. 

სერბეთმა კოსოვოს საზღვართან სამხედრო მანევრები ჩაატარა. ასევე, სერბეთის МиГ-29-ის ტიპის ავიაგამანადგურებლებმა გადაუფრინეს კოსოვოს იარინიეს გამშვებ პუნქტს, სადაც სერბი დემონსტრანტები იყვნენ შეკრებილი.

შესაბამისად, NATO-ს კოსოვოს მისიის, KFOR-ის ძალების 5 000 კაციანმა კონტინგენტმა, რომელიც მშვიდობის შენარჩუნებას ცდილობს, გააძლიერა კოსოვო-სერბეთის საზღვარზე პატრულირება, მეტი მიმართულებითა და ხანგრძლივობით.

საბოლოოდ, მხარეები ევროკავშირის შუამდგომლობით დაძაბულობის განმუხტვაზე შეთანხმდნენ.

შეთანხმების მიხედვით, სანამ კოსოვო პოლიციის დანაყოფებებს გაიყვანს, იარინიესა და ბრნიაკის გამშვებ პუნქტებს NATO-ს კოსოვოში მყოფი სპეციალური მისიის, KFOR-ის ძალები გააკონტროლებენ, ორი კვირის განმავლობაში. 

ასევე, შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელიც დაძაბულობის გამომწვევი რეგულაციის, მანქანის რეგისტრაციის ნომრების საკითხს განიხილავს. სამუშაო ჯგუფის პირველი შეხვედრა 2021 წლის 21 ოქტომბერს გაიმართება, მეორე კი 6 თვის შემდეგ და განიხილავენ პრობლემასთან დაკავშირებულ აღმოჩენებსა და საბოლოო გადაჭრის გზებს. 

მხარეები მანქანებს სპეციალურ სტიკერებს მიაკრავენ, სანამ გამოსავალას იპოვიან.

კომენტარები