კოსოვო

კოსოვომ თურქეთისგან ბაირაქტარის დრონები შეისყიდა

ალბინ კურტი / Facebook 

კოსოვოს პრემიერმინისტრმა ალბინ კურტიმ თქვა, რომ კოსოვომ თურქეთისგან Bayraktar TB2-ის ტიპის დრონები იყიდა

2023 წლის მაისიდან კოსოვოს ჩრდილოეთ რეგიონში, სადაც ეთნიკური სერბები უმრავლესობას წარმოადგენენ, არეულობაა. კოსოვოს ჩრდილოეთში მცხოვრებმა ეთნიკურმა სერბებმა კოსოვოს ხელისუფლების მიმართ დაუმორჩილებლობა გამოაცხადეს. დაძაბულობა დაიწყო ადგილობრივი არჩევნების შემდეგ, სადაც ეთნიკურმა სერბებმა ბოიკოტი გამოაცხადეს. კოსოვოს ჩრდილოეთ რეგიონში მცხოვრები ეთნიკური სერბები 10 წლის წინანდელი ავტონომიის შეთანხმების იმპლემენტაციას ითხოვდნენ. 

კოსოვოს პრემიერმინისტრი ბაირაქტარის დრონების ყიდვის შესახებ Facebook პოსტში წერს, სადაც ის კოსოვოს თავდაცვის მინისტრთან ერთად ჩანს. 

ალბინ კურტი არ აკონკრეტებს დრონების რაოდენობასა და ფასს. მისი ცნობით, კოსოვოს მთავრობამ ბოლო ორი წლის განმავლობაში თავდაცვის ბიუჯეტი 100%-ით გაზარდა. 

“კოსოვო ახლა უფრო უსაფრთხო და ამაყია” - თქვა კოსოვოს პრემიერმინისტრმა. 

ძირითადად ეთნიკური ალბანელებით დასახლებულმა კოსოვომ სერბეთისგან დამოუკიდებლობა 2008 წელს გამოაცხადა. ბელგრადმა რეგიონზე კონტროლი 1999 წელს, კონფლიქტში NATO-ს ინტერვენციის შემდეგ დაკარგა.

კომენტარები