კოსოვო

თურქეთის ქვედანაყოფები კოსოვოში NATO-ს სამშვიდობო ძალებს შეუერთდებიან

შეტაკებები კოსოვოელ სერბებსა და KFOR-ის ძალებს შორის, 2023 წლის 29 მაისი.
Georgi Licovski/EPA, via Shutterstock

თურქეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, იგეგმება თურქეთის სამხედრო დანაყოფების კოსოვოში გაგზავნა. ისინი NATO-ს ხელმღვანელობით მოქმედ KFOR-ის სამშვიდობო მისიის ძალებს შეუერთდებიან. 

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა კრიზისის მოსაგვარებლად მხარეებს თავშეკავებისა და კონსტრუქციული დიალოგისკენ მოუწოდა. მისივე თქმით, კონფლიქტმა შესაძლოა უსაფრთხოებისა და სტაბილურობის რღვევის საფრთხე მთელ რეგიონში შექმნას. 

"ჩვენი ქვედანაყოფების კოსოვოში გამგზავრება 4-5 ივნისს იგეგმება". - აღნიშნა თურქეთის თავდაცვის მინისტრმა, ჰულუსი აკარმა. 

მძიმე შეტაკებები პოლიციასა და კოსოვოელ სერბებს შორის გასულ დღეებში დაიწყო. 26 მაისს ათობით სერბი და ხუთი კოსოვოელი პოლიციელი დაშავდა. ამ მოვლენების პარალელურად, სერბეთმა კოსოვოს საზღვრების მახლობლად სამხედროები მაღალ მზადყოფნაზე გადაიყვანა.

კოსოვოელი სერბები ახალარჩეულ მერებს ხელს უშლიდნენ ადმინისტრაციულ შენობებში შესვლაში, რის პასუხადაც პოლიციამ მათ დასაშლელად ცრემლსადენი გაზი გამოიყენა და მაღალჩინოსნები შენობებში შევიდნენ.

აშშ-მ და ევროკავშირმა დაგმო კოსოვოს მთავრობის მიერ ძალის გამოყენება.

პარასკევს, 26 მაისს სერბეთის პრეზიდენტმა, ალექსანდარ ვუჩიჩმა აღნიშნა, რომ "სერბეთი უსაქმოდ არ იჯდება, როცა ჩრდილოეთ კოსოვოში სერბებს თავს ესხმიან".

შემთხვევის შემდეგ, 30 მაისს NATO-მ კოსოვოში დამატებითი 700 ჯარისკაცის გაგზავნის გადაწყვეტილება მიიღო.

დაახლოებით 50 000 სერბი, რომელიც ჩრდილოეთ კოსოვოში ცხოვრობს და მთლიანი მოსახლეობის 5%-ს შეადგენს, კვლავ უარს ამბობს კოსოვოს ინსტიტუტებში მუშაობაზე, მათ შორის პოლიციაში, სასამართლოსა და მუნიციპალურ მთავრობებში. ამასთანავე, მათ აპრილის ადგილობრივ არჩევნებს ჩრდილოეთის ოთხ მუნიციპალიტეტში ბოიკოტი გამოუცხადეს. შედეგად, ეთნიკურ ალბანელებს საბჭოების კონტროლის შესაძლებლობა მიეცათ. 

ძირითადად ეთნიკური ალბანელებით დასახლებულმა კოსოვომ სერბეთისგან დამოუკიდებლობა 2008 წელს გამოაცხადა. ბელგრადმა რეგიონზე კონტროლი 1999 წელს, კონფლიქტში NATO-ს ინტერვენციის შემდეგ დაკარგა.

კოსოვო აღიარებულია ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის ძირითადი ქვეყნების მიერ, მაგრამ სერბეთი, რომელსაც მხარს უჭერს მისი მოკავშირე რუსეთი, უარს ამბობს კოსოვოს დამოუკიდებლობის აღიარებაზე. ამ უკანასკნელის წინააღმდეგია კოსოვოს შიგნით მცხოვრები ეთნიკური სერბებიც.

კომენტარები