30 ნოემბერს კოსოვოში ქვეყნის ორი მთავარი ელექტროსადგურის წყლით მომმარაგებელი არხი აფეთქდა, პრიშტინა შემთხვევაში სერბეთს ადანაშაულებს.
კოსოვომ მომხდარს სერბეთის "ტერორისტული თავდასხმა" უწოდა. ბელგრადი ბრალდებას "უსაფუძვლოს" უწოდებს.
"ეს არის კრიმინალური და ტერორისტული თავდასხმა, რომლის მიზანიცაა ჩვენი კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაზიანება... შესრულებულია სერბეთის ორგანიზებული და გაძღოლილი ბანდების მიერ." – თქვა კოსოვოს პრემიერმინისტრმა, ალბინ კურტიმ.
კოსოვოს ხელისუფლების წარმომადგენლების მტკიცებით, აფეთქების შემდეგ მოწყობილი რეიდების დროს პოლიციამ ქვეყნის ჩრდილოეთში ორასზე მეტი სამხედრო ფორმა, ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარების გამშვებები, კალაშნიკოვის ტიპის ავტომატები და სერბეთის არმიის შევრონები ამოიღეს.
კოსოვოს პოლიციაში ირწმუნებიან, რომ 20-კილოგრამამდე ასაფეთქებლები შავი ჩანთებით ზუბინ პოტოკის აკვედუკზე მიიტანეს და სადენით ააფეთქეს. თავდასხმის დაგეგმვისა და ორგანიზების ბრალდებით 8 პირი დააკავეს.
გასული წლის სექტემბერში კოსოვოს ამავე ნაწილში ადგილობრივ შეიარაღებულ პირებსა და პოლიციას შორის შეტაკებები მოხდა. ჩრდილოეთ კოსოვო ძირითადად ეთნიკური სერბებით არის დასახლებული.
ძირითადად ეთნიკური ალბანელებით დასახლებულმა კოსოვომ სერბეთისგან დამოუკიდებლობა 2008 წელს გამოაცხადა. ბელგრადმა რეგიონზე კონტროლი 1999 წელს, კონფლიქტში NATO-ს ინტერვენციის შემდეგ დაკარგა. კოსოვოელ სერბთა ნაწილი პრიშტინას ძალაუფლებას არ აღიარებს.
მიუხედავად იმისა, რომ კოსოვო 100-ზე მეტმა ქვეყანამ აღიარა, სერბეთი მას თავის ტერიტორიის ნაწილად მიიჩნევს. ის კოსოვოს ცენტრალურ მთავრობას ეთნიკური სერბების უფლებების დარღვევაში ადანაშაულებს.
ბოლო ხანებში კოსოვოსა და სერბეთს შორის ევროკავშირის შუამავლობით მოლაპარაკებები მიმდინარეობდა. პროცესი ამ დროისთვის ფაქტობრივად ჩიხში შევიდა.