ჩრდილოეთ კორეა

ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა აშშ-ს საპასუხოდ "უძლეველი არმიის" შექმნის პირობა დადო

კიმ ჩენ ინი სამხედრო აღლუმზე

ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა, კიმ ჩენ ინმა პირობა დადო, რომ მთავრობა ახალ "უძლეველ არმიას" შექმნის, რომლის მიზანი აშშ-ს "მტრული პოლიტიკის" მოგერიება იქნება.

სამთავრობო ტელევიზიის ცნობით, ახალი სამხედრო დანაყოფის შექმნა თავდაცვით მიზანს ემსახურება და ჩრდილოეთ კორეის მთავრობას კონფლიქტის ან რომელიმე ქვეყანასთან ომის წამოწყების სურვილი არ აქვს. 

"ჩვენ არავისთან ომის დაწყებას არ განვიხილავთ, არამედ ეს კეთდება იმისათვის, რომ თავიდან ავიცილოთ სამხედრო დაპირისპირება და დავიცვათ ჩრდილოეთ კორეის ეროვნული სუვერენიტეტი". – თქვა კიმ ჩენ ინმა. 

ქვეყნის ლიდერის თქმით, აშშ-ს მთავრობის დამოკიდებულება და საგარეო პოლიტიკა საფრთხეს უქმნის ჩრდილოეთ კორეის დამოუკიდებლობას და, ასევე, ის ხელს უწყობს ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეას შორის დაპირისპირების გაღრმავებას და ურთიერთობების გაუარესებას.

ზუსტად რა იგულისხმება "უძლეველ" სამხედრო ძალაში, უცნობია. სავარაუდოდ, ჩენ ინი ახალი კონტინენტთაშორისი რაკეტების, საბრძოლო ტექნიკისა და მაღალკვალიფიციური მებრძოლების შესახებ საუბრობს. 

აღსანიშნავია, რომ 2021 წლის სამხედრო აღლუმზე ჩრდილოეთ კორეამ რამდენიმე ახალი ტიპის საბრძოლო ტექნიკა და იარაღი წარმოადგინა. გარდა ამისა, მთავრობის ცნობით, სექტემბერში უახლესი ტიპის ბალისტიკური რაკეტების გამოცდა ჩატარდა, რომელმაც წარმატებით ჩაიარა.


ჩრდილოეთ კორეა ეკონომიკური კრიზისის წინაშეა. ქვეყანაში საკვები პროდუქტების ნაკლებობაა. ჩრდილოეთ კორეამ წელიწადზე მეტი იზოლაციაში გაატარა. კორონავირუსის გავრცელების შეჩერების მიზნით ქვეყანამ თავის უდიდეს პარტნიორთან, ჩინეთთან ვაჭრობა თითქმის მთლიანად შეწყვიტა. 

2021 წლის მარტში ფხენიანმა სანქციები დაარღვია და ბალისტიკური რაკეტები გამოსცადა, რასაც აშშ-ს, იაპონიის და სამხრეთ კორეის მხრიდან მკაცრი კრიტიკა მოჰყვა.

აგვისტოში გაეროს ბირთვულმა სააგენტომ თქვა, რომ ჩრდილოეთ კორეამ, სავარაუდოდ, რეაქტორი აამუშავა, რომელის გამოყენებაც ბირთვული იარაღისთვის პლუტონიუმის წარმოებისთვის არის შესაძლებელი, რაც მოვლენების "ღრმად შემაშფოთებელი" განვითარებაა. 
 

 

კომენტარები