აშშ-ჩრდილოეთ კორეა

ჩრდილოეთ კორეამ 2018 წელს შეჩერებული ბირთვული რეაქტორი ხელახლა აამუშავა 

ჩრდილოეთ კორეის ლიდერი, კიმ ჩენ ინი

გაეროს საერთაშორისო ატომური ენერგიის სააგენტოს [IAEA] ანგარიშის მიხედვით, ჩრდილოეთ კორეამ იონგბიონის რეგიონში განთავსებული ბირთვული რეაქტორი ხელახლა აამუშავა. 

სააგენტოს განმარტებით, მთავრობას იონგბიონის რეაქტორის გამოყენება ატომური იარაღის საწვავის, პლუტონიუმის დასამზადებლად შეუძლია. სავარაუდოდ, რეაქტორის ამოქმედება სწორედ ამ მიზანს ემსახურება.

რეაქტორმა მუშაობა 2018 წლის დეკემბერში შეწყვიტა, რაც აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპისა და ჩრდილოეთ კორეის ლიდერის, კიმ ჩენ ინის შეხვედრას უკავშირდებოდა. 

2021 წლის ივლისიდან რეაქტორის გარშემო აქტივობები შეიმჩნეოდა, აგვისტოს მდგომარეობით კი, ის უკვე ფუნქციონირებს. ასევე, ამოქმედებულია რეაქტორის მიმდებარედ განთავსებული რადიოქიმიური ლაბორატორია, რომელიც, სავარაუდოდ, ამოღებული საწვავის დასამუშავებლად გამოიყენება. 

გაეროს შეფასებით, ეს ფაქტი "ღრმად შემაშფოთებელია" და უშიშროების საბჭოს რეზოლუციის აშკარა დარღვევას წარმოადგენს. 

ჩრდილოეთ კორეის მთავრობამ საერთაშორისო ატომური ენერგიის სააგენტო და მისი წარმომადგენლები 2009 წელს ქვეყნიდან გააძევა. მას შემდეგ, სააგენტო დაკვირვებას დისტანციურად, სატელიტური მოწყობილობების საშუალებით ახორციელებს. 
 

კომენტარები