ბათუმი

მეუფე მალხაზი: ბათუმის ტკივილი ყველას ტკივილია

საქართველოს ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესია

ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის მიტროპოლიტი, მალხაზ სონღულაშვილი ბათუმში, 26 მაისის ქუაჩაზე კორპუსის ჩამონგრევის შედეგად მომხდარი ტრაგედიის გამო მწუხარებას გამოთქვამს:

"ბათუმის ტკივილი ყველას ტკივილია.

ბათუმში დატრიალებულმა ტრაგედიამ შეძრა მთელი საქართველო. დღეს მუსლიმები და ქრისტიანები ერთად გლოვობენ დაღუპულებს და ერთად ამხნევებენ დაღუპულების ოჯახებს.

მადლობა ყველას ვინც სადარბაზოს ჩამოქცევის შემდეგ მუხლჩაუხრელად შრომობდა ნანგრევებიდან სიცოცხლის გადასარჩენად.

მშვიდობის კათედრალი დღეს წირვის წიაღში მოიხსენიებს ყველა გარდაცვლილს და უფალს შეავედრებს ყველა მგლოვიარეს.

ღმერთმა ნათელში ამყოფოს ყველა გარდაცვლილი და ანუგოშოს ყველა მგლოვარე."

 

ბათუმში კორპუსის ჩამონგრევის შედეგად ჯამში 9 ადამიანია გარდაცვლილი. შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის ინფორმაციით, ნანგრევებში არცერთი დაკარგული აღარ არის და სამძებრო სამუშაოები შეჩერდა. მისივე თქმით, მშენებლები ვარაუდობენ, რომ კორპუსის ნაწილი, შესაძლოა, კიდევ ჩამოიშალოს

მაშველებმა ნანგრევებიდან სულ 10 ადამიანი ამოიყვანეს, მათგან 2 ცოცხალი, თუმცა ქალი სხეულის მძიმე დაზიანებებით საავადმყოფოში გარდაიცვალა, კაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა, ის ხელოვნური სუნთქვის აპარატიდან მოხსნეს.  გარდაცვლილებს შორის 3 არასრულწლოვანია.

უფრო ადრე მაშველებმა ნანგრევებიდან ორი მცირეწლოვანი ცოცხლად გამოყვანა შეძლეს. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

კორპუსი ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე 8 ოქტომბერს ჩამოინგრა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ კორპუსის ჩამონგრევის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში პირველი სართულის ბინის მეპატრონე და 2 მუშა დააკავა. უწყებამ გამოძიებით დაადგინა, რომ საცხოვრებელი კორპუსის ერთი სადარბაზოს ჩამონგრევა პირველ სართულზე სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების უსაფრთხოების წესების უხეში დარღვევით წარმოებამ გამოიწვია.

ბათუმში დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად საქართველოში 11 ოქტომბერი გლოვის დღედ გამოცხადდა

კომენტარები