ბათუმი

საპატრიარქო: პრეზიდენტის განცხადება დასაზუსტებელია, კვირა დღეს შეკვეთილი წირვა არ ტარდება

საქართველოს საპატრიარქო

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებასთან დაკავშირებით განმარტებას ავრცელებს და წერს, რომ ბათუმში სახლის ჩამონგრევის შედეგად გარდაცვლილთათვის შეკვეთილი წირვა 9 ოქტომბერს არ ჩატარდება, როგორც ამას პრეზიდენტის ადმინისტრაცია წერს.

IPN-ზე დაყრდნობით პრეზიდენტმა განცხადება რამდენიმე საათის უკან გაავრცელა, თუმცა ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის გვერდზე აღარ იძებნება.

"დღეს პრეზიდენტის ადმინისტრაციის სახელით გავრცელდა შემდეგი ინფორმაცია:

2021 წლის 9 ოქტომბერს, 23:30 საათზე, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში, საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის თხოვნით, საქართველოს ერთიანობისა და მშვიდობისათვის აღევლინება შეკვეთილი წირვა.

შევნიშნავთ, რომ აღნიშნული ინფორმაცია საჭიროებს დაზუსტებას:

ჩვეულებრივ, კვირა დღეს და საუფლო დღესასწაულებზე შეკვეთილი წირვა არ ტარდება. სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში მსახურების შესახებ ზუსტი ინფორმაცია ტაძრის ოფიციალურ facebook-გვერდზეა გავრცელებული:

ყოველ შაბათს, ღამის 23:30 საათზე, სვეტიცხოვლის აღდგომის ტაძარში აღესრულება საღმრთო ლიტურღია. 10.10. 21 წ., კვირა დილით, წირვის შემდეგ შესრულდება ქ.ბათუმში სახლის ჩამონგრევის შედეგად გარდაცვლილთა პანაშვიდი და ამავე სახლში მცხოვრებ პირთა საჯამრთელო პარაკლისი. ღამისთევით წირვას აღავლენს სვეტიცხოვლის ტაძრის მღვდელმსახური, არქიმანდრიტი ილია (კავსაძე)". - წერია საპატრიარქოს განცხადებაში. 

ბათუმში კორპუსის ჩამონგრევის შედეგად ჯამში 9 ადამიანია გარდაცვლილი. შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის ინფორმაციით, ნანგრევებში არცერთი დაკარგული აღარ არის და სამძებრო სამუშაოები შეჩერდა. მისივე თქმით, მშენებლები ვარაუდობენ, რომ კორპუსის ნაწილი, შესაძლოა, კიდევ ჩამოიშალოს

მაშველებმა ნანგრევებიდან სულ 10 ადამიანი ამოიყვანეს, მათგან 2 ცოცხალი, თუმცა ქალი სხეულის მძიმე დაზიანებებით საავადმყოფოში გარდაიცვალა, კაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა კი მძიმეა. გარდაცვლილებს შორის 3 არასრულწლოვანია.

უფრო ადრე მაშველებმა ნანგრევებიდან ორი მცირეწლოვანი ცოცხლად გამოყვანა შეძლეს. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

კორპუსი ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე 8 ოქტომბერს ჩამოინგრა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ კორპუსის ჩამონგრევის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში პირველი სართულის ბინის მეპატრონე და 2 მუშა დააკავა. უწყებამ გამოძიებით დაადგინა, რომ საცხოვრებელი კორპუსის ერთი სადარბაზოს ჩამონგრევა პირველ სართულზე სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების უსაფრთხოების წესების უხეში დარღვევით წარმოებამ გამოიწვია.

ბათუმში დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად საქართველოში 11 ოქტომბერი გლოვის დღედ გამოცხადდა

კომენტარები