ბათუმი

პაპი ფრანცისკეს სადესპანო: ვლოცულობთ ბათუმის ტრაგედიის მსხვერპლთა საუკუნო განსვენებისთვის

პაპი ფრანცისკეს სადესპანო მწუხარებას გამოთქვამს ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე კორპუსის ჩამონგრევის შედეგად მომხდარი ტრაგედიის გამო.

"პაპი ფრანცისკეს სამოციქულო სადესპანო უერთდება სრულიად საქართველოს ფიქრებსა და ლოცვებს ბათუმის ტრაგედიის მსხვერპლთა საუკუნო განსვენებისთვის. ასევე გადარჩენილთათვის, რათა მათ იპოვნონ შვება რწმენაში და მადლიერება მეგობრების, მეზობლების, ხელისუფლების თანადგომისთვის, მათი, ვინც თავდადებით ეხმარებოდა საქართველოს". - წერია სადესპანოს განცხადებაში.

ბათუმში კორპუსის ჩამონგრევის შედეგად ჯამში 9 ადამიანია გარდაცვლილი. შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის ინფორმაციით, ნანგრევებში არცერთი დაკარგული აღარ არის და სამძებრო სამუშაოები შეჩერდა. მისივე თქმით, მშენებლები ვარაუდობენ, რომ კორპუსის ნაწილი, შესაძლოა, კიდევ ჩამოიშალოს

მაშველებმა ნანგრევებიდან სულ 10 ადამიანი ამოიყვანეს, მათგან 2 ცოცხალი, თუმცა ქალი სხეულის მძიმე დაზიანებებით საავადმყოფოში გარდაიცვალა, კაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა კი მძიმეა. გარდაცვლილებს შორის 3 არასრულწლოვანია.

უფრო ადრე მაშველებმა ნანგრევებიდან ორი მცირეწლოვანი ცოცხლად გამოყვანა შეძლეს. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

კორპუსი ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე 8 ოქტომბერს ჩამოინგრა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ კორპუსის ჩამონგრევის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში პირველი სართულის ბინის მეპატრონე და 2 მუშა დააკავა. უწყებამ გამოძიებით დაადგინა, რომ საცხოვრებელი კორპუსის ერთი სადარბაზოს ჩამონგრევა პირველ სართულზე სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების უსაფრთხოების წესების უხეში დარღვევით წარმოებამ გამოიწვია.

ბათუმში დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად საქართველოში 11 ოქტომბერი გლოვის დღედ გამოცხადდა

 

კომენტარები