მიხეილ სააკაშვილის დაკავება

პენიტენციური: სააკაშვილი თავს კარგად გრძნობს, არ აქვს ჩივილები – მეთვალყურეობის ქვეშაა

სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადებით, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, ის თავს კარგად გრძნობს და არ აქვს ჩივილები. უწყების ინფორმაციით, ის პირველადი ჯანდაცვის გუნდის მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშაა.

"მსჯავრდებულმა მიხეილ სააკაშვილმა შიმშილობა 1 ოქტომბერს N12 პენიტენციურ დაწესებულებაში განთავსების დღეს გამოაცხადა. მნიშვნელოვანია, რომ დაწესებულებაში შემოსახლებისთანავე მას ჩაუტარდა გარეგნული დათვალიერება, პირველადი სამედიცინო შემოწმება და შეივსო ამბულატორიული პაციენტის სამედიცინო ბარათი.

დაწესებულებაში განთავსების შემდეგ, მსჯავრდებულს ჩაუტარდა კლინიკო-ლაბორატორიული/ინსტრუმენტული გამოკვლევები: ასევე, ჩაუტარდა ოჯახის ექიმის და სხვა პროფილის ექიმი – სპეციალისტების (მათ შორის სამოქალაქო სექტორის მედიკოსების) კონსულტაციები. საჭიროების მიხედვით დაგეგმილია კიდევ რამდენიმე კონსულტაციის ჩატარება". – ნათქვამია პენიტენციური სამსახურის განცხადებაში.

მათივე ცნობით, სააკაშვილს ამჟამად უტარდება მკურნალობა დანიშნული მედიკამენტებით, მათ შორის მის მიერ წარმოდგენილი მედიკამენტებით, რომელიც, მიხეილ სააკაშვილის გადმოცემით, დანიშნულია მისი ოჯახის ექიმის მიერ, სააკაშვილს საჭიროების შემთხვევაში მედიკამენტები სიმპტომურადაც ეძლევა.

1 ოქტომბერს დილით საქართველოს მესამე პრეზიდენტმა დაწერა, რომ ის საქართველოში იმყოფება. მოგვიანებით მან ზედიზედ ორი სელფი ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ამბობდა, რომ ბათუმშია. მალევე, შსს-მ გაავრცელა განცხადება, სადაც წერდა, რომ მიხეილ სააკაშვილს საქართველოს საზღვარი არ გადმოუკვეთავს. მმართველი გუნდის წევრებიც, მთელი დღის განმავლობაში აცხადებდნენ, რომ ექსპრეზიდენტს უკრაინაც კი არ დაუტოვებია.

მიხეილ სააკაშვილი თბილისში იმავე დღეს დააკავეს. ის დაკავების დღიდან შიმშილობს. პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მის დაკავებას "გასაიდუმლოებული ოპერაცია", ხოლო ხელისუფლების მხრიდან ექსპრეზიდენტის საქართველოში ყოფნის უარმყოფელ განცხადებებს "ოპერატიული ტაქტიკა უწოდა". 

კომენტარები