არჩევნები 2021

ნონიაშვილი ALMA-ზე: არაგულწრფელი პიარული სვლაა, საფრთხის შემცველია შინაარსში შესვლის გამო

ევროპული საქართველოს ანტიკორუფციული ქსელის ხელმძღვანელისა და ჩუღურეთში ოპოზიციის შეთანხმებული კანდიდატის, გიორგი ნონაიშვილის შეფასებით, ალმას ინიციატივა კანონმდებლობით სიძულვილის ენის რეგულირებასთან დაკავშირებით პიარული და  საფრთხის შემცველი სვლაა, რადგან, მისივე განმარტებით, ხელისუფლებას ექნება ბერკეტი, ჩაერიოს რეკლამის შინაარსში.

"ალმამ განათავსა წინასაარჩევნოდ სიძულვილის შემცველი ბანერები და ახლა საკანონმდებლო ინიციატივა წარმოადგინა, რომ დარეგულირდეს სიძულვილის ენა რეკლამირებისა და ბანერების განთავსების სფეროში, რაც არის პიარული სვლა საკუთარი რეპუტაციის შესანარჩუნებლად, მეორეს მხრივ, არის საფრთხის შემცველი ქმედება, იქედან გამომდინარე, რომ ხელისუფლება მსგავს შინაარსში არ უნდა ერეოდეს და ეს თავად ალმას, როგორც კერძო კომპანიის გადასაწყვეტი იყო წინასაარჩევნო პროცესში, თუ ეს მას რეალურად აწუხებდა. 

უნდა გვახსოვდეს, რომ ისინი სინამდვილეში არაგულწრფელები არიან, იმიტომ, რომ ევროპულმა საქართველომ ასევე წინასაარჩევნოდ შეუკვეთა პოლიტიკური სატირის შემცველი ბანერების განთავსება, რომელზეც დღემდე უარზე არიან და საკონტრაქტო ვალდებულებებს არ ასრულებენ, ეს სრულიად არაგულწრფელი პიარული სვლა არის და ასევე საფრთხის შემცველი შინაარსში შესვლიდან გამომდინარე". - ამბობს გიორგი ნონიაშვილი. 

ევროპული საქართველოს ბანერის გაკვრამდე 1 დღით ადრე სარეკლამო კომპანია ალმა პარლამენტს მიმართავს და სიძულვილის ენის შემცველი რეკლამის განთავსების აკრძალვას ითხოვს. შეთანხმების მიხედვით, კომპანიას ევროპული საქართველოს ბანერის გაკვრის ვადა ხვალ, 8 ოქტომბერს ეწურება. 

მას შემდეგ, რაც ალმამ ოპოზიციის წევრებისა და კრიტიკული მედიის მენეჯერების გამოსახულებით "სისხლიანი" ბანერები გამოაკრა, ევროპულმა საქართველომ კომპანიას მიმართა, "იმავე სტანდარტით" ნებისმიერ ცენტრალურ მაგისტრალზე მათი ბანერიც გაეკრათ.  

თუმცა, ვადის ამოწურვამდე 1 დღით ადრე ალმა განცხადებას ავრცელებს, სადაც წერს, რომ "სისხლიან ბანერებს" საზოგადოების მხრიდან "სამართლიანი და ობიექტური ხასიათის" ნეგატიური გამოხმაურება მოჰყვა, აგრესიის გამომხატველ ქმედებებს ემიჯნებიან და მათი როლი მხოლოდ დამკვეთებისგან სარეკლამო ბანერების მიღება და ბილბორდებზე განთავსებაა. განცხადების მიხედვითვე, პარლამენტის მიერ ცვლილებების შეტანამდე კომპანია უარს ეტყვის ნებისმიერ დამკვეთს სარეკლამო ბილბორდებზე "სიძულვილის ენის შემცველი და საზოგადოების პოლარიზაციისადმი მიმართული სარეკლამო კონტენტის" განთავსებაზე. 

როდის გააკრავს და გააკრავს თუ არა ევროპული საქართველოს ბანერს ალმა - კითხვით ტაბულამ კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს მიმართა, სადაც ამბობენ, რომ ინფორმაცია ამასთან დაკავშირებით არ აქვთ. 


17 სექტემბერს თბილისის ქუჩებში ახალი ბანერები გამოჩნდა, წარწერით – "არა ნაცებს, არა ბოროტებას, არა ღალატს!" ბანერებზე ოპოზიციონერი პოლიტიკოსები და კრიტიკული მედიების მენეჯერები არიან გამოსახული. ქვეყანაში ვაქცინაციის ტემპის შემცირების ფონზე, ხელისუფლებამ სიძულვილის გამაღვივებელი, პოლიტიკური შინაარსის ბანერები აცრისკენ მოწოდების ბანერებს გადააკრა.

18 სექტემბერს დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა განცხადება გაავრცელა და დაგმო ვაქცინაციის მოწოდების ბანერების ჩანაცვლება.  20 სექტემბერს კი, დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა კომპანია ალმას ვაქცინაციის მხარდამჭერი ბანერების დაბრუნების მოთხოვნით ოფიციალური წერილობით მიმართა. 

არასამთავრობო ორგანიზაცია სამართლიანმა არჩევნებმა ძალადობის შემცველ ანონიმურად განთავსებულ საარჩევნო ბანერებთან დაკავშირებით ცენტრალურ საარჩევნო კომისიას საჩივრით მიმართა. ორგანიზაცია ასევე გეგმავს, მიმართოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურს ბანერების დაფინანსების წყაროების გამჭვირვალობასთან დაკავშირებით. ცესკოს საჩივრით მიმართა პოლიტიკურმა მოძრაობამაც – დროა. 

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საჩივრები განიხილა და სიძულვილის ენის შემცველი "სისხლიანი" ბანერების განთავსება არ მიიჩნია სამართალდარღვევად, რადგან მათი დამკვეთი კერძო პირია. 

თბილისის მერი და ქართული ოცნების კანდიდატი კახა კალაძე ამბობს, რომ მერიას რეაგირება არ ექნება, რადგან, "გამოხატვის უფლება ყველას აქვს". მისივე მტკიცებით, ბანერები არ მოსწონს და წინასაარჩევნო კამპანიის დროს სიძულვილის ენას არ იყენებს. 

კომენტარები