არჩევნები 2021

ცესკოს თავმჯდომარის მოადგილე: ოქმების არარელევანტური რაოდენობაა შემოსული

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილის, გიორგი სიორიძის თქმით, ცესკოში ოქმების "არარელევანტური" რაოდენობაა შესული, რის გამოც ჯერ 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნების წინასწარი შედეგების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.

"უნდა ველოდოთ, პრობლემა ის არის, რომ ამ ოქმების ძალიან არარელევანტური რაოდენობაა შემოსული ცესკოში, წარმომადგენლობითი თვალსაზრისით. გვესმის, პირველი ბრიფინგი არის ძალიან მნიშვნელოვანი, პირველი შთაბეჭდილებისთვის, თუმცა ახლა უკვე მიმდინარეობს შეთანხმება. მალე იქნება, ყოველ შემთხვევაში, პირველი განცხადება. რეკორდულად გაიწელა, ვიცით, რომ ოლქებთან არის რიგები, თვითონ ოლქებშიც არ არის ჯერ საკმარისი რაოდენობა, თუმცა ცოტა ხანში, ძალიან მალე იქნება პირველი განცხადება". – თქვა სიორიძემ TV ფორმულაზე, გიორგი თარგამაძესთან სატელეფონო საუბარში.

ქვეყანაში საარჩევნო უბნები 20:00 დაიხურა, თუმცა ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, ჯერჯერობით, არჩევნების პირველადი შედეგები არ გაუვრცელებია. 

აღსანიშნავია, რომ წინასწარი შედეგების გამოქვეყნების "ოპტიმალურ დროდ" ცესკო თავადვე ასახელებდა უბნების დახურვიდან 7-8 საათს. ისიც საგულისხმოა, რომ 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნების პირველადი შედეგები უბნების დახურვიდან 7 საათსა და 20 წუთში (03:20-ზე) გამოქვეყნდა, ხოლო 2014 წლის არჩევნებზე - 6 საათსა და 30 წუთში (02:30-ზე).

TV იმედის დაკვეთილი ეგზიტპოლის შედეგებით, თბილისში კახა კალაძე 51.3%-ით იმარჯვებს, ხოლო ფორმულას და მთავარი არხის ეგზიტპოლებით - დედაქალაქში მეორე ტური გახდება საჭირო. GORBI-ს ეგზიტპოლის გამოქვეყნების შემდეგ, ქართულმა ოცნებამ გამარჯვება იზეიმა და კახა კალაძემ ამომრჩეველს მადლობაც გადაუხადა, თუმცა, მოგვიანებით, მმართველი გუნდის ლიდერებმა "ცდომილებიდან გამომდინარე" მეორე ტური აღარ გამორიცხეს.

კომენტარები