არჩევნები 2021

დეგნანი: საელჩო და ვაშინგტონი ახლოდან ვადევნებთ თვალს არჩევნებს

კელი დეგნანი
US Embassy Tbilisi, Georgia

აშშ-ს ელჩი საქართველოში კელი დეგნანი თვითმმართველობის არჩევნებზე დაკვირვების ფარგლებში მარნეულში ჩავიდა. დეგნანის თქმით, არჩევნები არის შესაძლებლობა ამომრჩევლებისთვის გამოხატონ საკუთარი ნება და გახადონ ლიდერები ანგარიშვალდებული.

"ეს ძალიან მნიშვნელოვანი დღეა საქართველოსთვის და მოხარული ვარ, რომ ვმონაწილეობ დამკვირვებლის რანგში. ვეწვიე რამდენიმე საარჩევნო უბანს მარნეულში, აქ გასულ ოქტომბერსაც ჩამოვედი. კარგია უკან დაბრუნება და იმის ნახვა, რომ ამინდის მიუხედავად ამომრჩეველი მოდის. ხალხი გამოსულია, ხმას აძლევს, ისინი საკუთარ სამოქალაქო პასუხისმგებლობას სერიოზულად ეკიდებიან. ეს არის შესაძლებლობა ამომრჩევლებისთვის გამოხატონ საკუთარი ნება. მოქალაქეები ასე ხდიან ლიდერებს ანგარიშვალდებულს, გამოხატავენ პრიორიტეტებს. თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები ჭეშმარიტი დემოკრატიის საფუძველი." – თქვა კელი დეგნანმა.

ელჩის თქმით, არჩევნებზე დაკვირვებაში აშშ-ს საელჩოს 47 გუნდი და 100-ზე მეტი თანამშრომელი მონაწილეობს. ასევე საელჩოს თანამშრომლები თვალს ადევნებენ მედიის ცნობებსა და კონსულტაციები აქვთ საერთაშორისო და ადგილობრივ დამკვირვებლებთან.

"ჩვენ ძალიან ყურადღებით ვადევნებთ თვალს პროცესებს. ასევე ვაშინგტონი ძალიან ახლოდან ადევნებს თვალს არჩევნებს. მივიღე ბევრი კითხვა ჩემი კოლეგებისგან ვაშინგტონში, მათ შორის სახელმწიფო დეპარტამენტიდან, თეთრი სახლიდან, კონგრესიდან. ისინი ყურადღებით ადევნებენ თვალს არჩევნებს. შეშფოთებულები ვართ, წინასაარჩევნო დაშინების და დარღვევების, შევიწროების ცნობებით. მიხარია, რომ პარტიის ლიდერები მოუწოდებენ სიმშვიდისკენ. რაც ნათელია, ძალიან მნიშვნელოვანია, რათა ადამიანებს ჰქონდეთ საშუალება, მოვიდნენ და ხმა მისცენ უსაფრთხოდ." – თქვა კელი დეგნანმა.

არჩევნების შესახებ ყველა სიახლეს თვალი ადევნეთ ტაბულას საარჩევნო პორტალზე – არჩევნები 2021

კომენტარები