კინო

რა ვნახოთ დიდ ეკრანზე? – ოქტომბრის მთავარი კინოპრემიერები

Befunky

2020 წლის კორონავირუსი პანდემიის შემდეგ კინოინდუსტრია ნელ-ნელა უბრუნდება ჩვეულ რიტმს. მიმდინარე წლის ოქტომბერი განსაკუთრებულად საინტერესო იქნება, კინოთეატრის ჯადოსნურ სიბნელეს მონატრებული მაყურებლისთვის. 

თვალი გადავავლოთ იმ მნიშვნელოვან კინოპრემიერებს, რომლებიც ოქტომბერში გველოდება.

7 ოქტომბერს ჯეიმს ბონდის ფრენჩაიზის რიგით 25-ე ფილმი No Time To Die გამოდის. დენიელ კრეიგმა მეხუთედ და უკანასკნელად შეასრულა ბრიტანული სადაზვერვო სამსახურის ყველაზე ცნობილი აგენტის როლი. ახალი ნაწილი True Detective-ისა და It-ის რეჟისორმა, კერი ფუკუნაგამ გადაიღო, მთავარი ბოროტმოქმედის როლს ოსკაროსანი რამი მალიკი ასრულებს, ფილმში ასევე ლეა სეიდუ, ანა დე არმასი, ლაშანა ლინჩი, ბენ უიშოუ და რეიფ ფაინსი თამაშობენ. ბონდის ახალი საუნდტრეკი ბილი აილიშს ეკუთვნის.

14 ოქტომბერს ეკრანს ყველაზე უჟმური ოჯახი უბრუნდება. ადამსების ოჯახის მეორე ნაწილში მთავარ როლებს ოსკარ აიზეკი, შარლიზ თერონი, ქლოე გრეის მორიცი, ნიკ კროლი, სნუპ დოგი და ბეტ მიდლერი ახმოვანებენ. 

წლის და მრავალი კინოკრიტიკოსის აზრით დეკადის ყველაზე მნიშვნელოვანი ბლოკბასტერის, დიუნის ხილვა ქართველ მაყურებელს 22 ოქტომბრიდან შეეძლება. ფრენკ ჰერბერტის ბესტსელერის მორიგ ეკრანიზაციას თანამედროვეობის უდიდესი რეჟისორი დენი ვილნევი ხელმძღვანელობს. სურათში მთავარ როლებს ტიმოტი შალამე, რებეკა ფერგიუსონი, ზენდაია, ჯოშ ბროლინი, ოსკარ აიზეკი, ხავიერ ბარდები და ჯეისნო მომოა ასრულებენ.

გარდა ამისა ოქტომბერში Sony-ისა და Marvel-ის ერთობლივი კომიქსის ეკრანიზაციის, ვენომი 2-ის ნახვა იქნება შესაძლებელი. ფილმი მსოფლიო პრემიერამდე ერთი დღით ადრე 30 სექტემბერს გამოვიდა.

კომენტარები