ნამახვანჰესი

თურნავა: ჩვენი მთავარი ამოცანაა, ნამახვანის პროექტი შედგეს, ვგრძნობთ ამის პასუხისმგებლობას

"ჩვენი მთავარი ამოცანაა, ნამახვანჰესის პროექტი შედგეს, გაუმჯობესებული პირობებით, უფრო უსაფრთხოდ, მაგრამ აუცილებლად შედგეს  - აი, ამაზე ვგრძნობთ პასუხისმგებლობას!". - ეკონომიკის მინისტრი, ნათია თურნავა, ნამახვანჰესის მშენებლი კომპანიის, ENKA-ს მიერ ხელშეკრულების გაწყვეტას ეხმაურება. 

მისი თქმით, ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ საქმე დავამდე არ მივიდეს და მოლაპარაკებებით გადაწყდეს. 

"ვინაიდან დღეს არის ვითარება, რომ საერთაშორისო არბიტრაჟის რისკი დგას, დეტალებზე საუბრისგან თავს შევიკავებ, რათა შესაძლო დავის შემთხვევაში, ჩვენი პოზიციები არ დავაზიანო. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ საქმე დავამდე არ მივიდეს და საკითხი მოლაპარაკებითა და კომუნიკაციით გადაწყდეს. კვალავაც ვადასტურებთ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ნამახვანის პროექტი და ზოგადად, ქართული ენერგეტიკა, ქართული ენერგოდამოუკიდებლობა და ენერგოუსაფრთხოება. აქედან გამომდინარე ეს პროექტი უნდა განხორციელდეს. შეიძლება განხორციელდეს უკეთესი პირობებით, რადგან პირობების გაუმჯობესება ყოველთვის შეიძლება". - ამბობს თურნავა. 

ENKA Renewables-ი საქართველოსთან არსებულ ხელშეკრულებას წყვეტს, რაც ნიშნავს იმას, რომ ამ ეტაპზე ნამახვანჰესი აღარ აშენდება. ამის შესახებ Enka Renewables-ის მშობელი კომპანიის, ENKA İNŞAAT-ის განცხადებაში ვკითხულობთ.

კომპანია ამის მიზეზად კონტრაქტით გათვალისწინებული პირობების დარღვევასა და ფორსმაჟორს ასახელებს. 

კომენტარები