ფარული მოსმენები

ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე მომუშავე ორგანიზაციები მთავრობას: გაანადგურეთ უკანონო ჩანაწერები

COUNCIL OF EUROPE

საქართველოში მოქმედი ფსიქიკური ჯანმრთელობის დარგში მომუშავე პროფესიული ასოციაციები შეშფოთებას გამოთქვამენ გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ შესაძლოა, ქვეყანაში ისმინება და შესაბამისად, არ არის დაცული ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისების - ფსიქოლოგიური კონსულტირების, ფსიქოთერაპიის, ფსიქიატრიული დახმარების - უსაფრთხოება.

ორგანიზაციების შეფასებით, მსგავსი პრაქტიკა დიდ ზიანს აყენებს როგორც ამ ტიპის სერვისებში ჩართულ პირებს, ასევე ფსიქოლოგიური და ფსიქიატრიული დახმარების საქმეს, რადგან შეუძლებელს ხდის დაცული იქნას ფსიქიკური ჯანმრთელობის მომსახურების საბაზისო ეთიკური წესები.

"ამავდროულად, ხელს უწყობს მთლიანად ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისების სპეციალისტების დისკრედიტაციას და კიდევ უფრო აძლიერებს სტიგმას, რაც საბოლოო ჯამში უარყოფითად აისახება ფსიქიკური ჯანმრთელობის საჭიროებების მქონე პირების ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზე.

აქვე ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ უკანონო ფარული მიყურადების პრაქტიკა ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 157 მუხლით განსაზღვრულ კანონს პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის ან პერსონალური მონაცემების ხელყოფის შესახებ.

მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, მოახდინოთ სათანადო რეაგირება, დროულად დაიწყოს გამოძიება უკანონო ფარული მიყურადების პრაქტიკის საქართველოში დანერგვის მიზეზებისა და დანერგვის შესახებ.

გაანადგუროთ არსებული ინფორმაცია და ჩანაწერი, რომელიც მოპოვებულია უკანონო ფარული მიყურადების შედეგად, რათა დაცული იქნას ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისებში ჩართული პირების უფლებები" - ნათქვამია განცხადებაში, რომლის ხელმომწერებიც არიან: GSP საქართველოს ფსიქოტრავმის საზოგადოება, საქართველოს ფსიქიატრთა საზოგადოება, GABP საქართველოს სხეულზე ორიენტირებული ფსიქოთერაპიის ასოციაცია, საქართველოს იმდიარ საზოგადოება, სუპერვიზიის და კონსულტირების საქართველოს საზოგადოება, GIP გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში, GCRT წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი.


13 სექტემბერს გავრცელდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან გამოჟონილი, სავარაუდოდ, ფარული მიყურადებით მოპოვებული მასალები, რომლებიც სასულიერო პირებისა და მათთან დაკავშირებული ადამიანების შესახებ ინფორმაციას შეიცავს.

გავრცელებული ფაილები მოიცავს ასობით სასულიერო და საერო პირის ფარული მიყურადებით მოპოვებულ ბრიფებსა და ყოველდღიური საუბრების ჩანაწერებს. მასალებში ასახულია მღვდელმსახურებისა და მათთან დაკავშირებული პირების ინტიმური, მათ შორის, ჰომოსექსუალური ურთიერთობები, მათ მიერ ნარკოტიკული საშუალებების მოხმარება, კორუფციაში ჩართულობა, რუსეთთან კავშირები და სხვა.

14 სექტემბერს სუს-მა გაავრცელა განცხადება, სადაც წერდა, რომ "გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელება შეურაცხყოფს სამსახურის ღირსებას". იმავე დღეს პროკურატურამ "ფარულ მოსმენებთან დაკავშირებით" გამოძიება დაიწყო და მედიას თანამშრომლობისკენ მოუწოდა.

საქართველოს საპატრიარქოს შეფასებით კი, დიდია ალბათობა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან გამოჟონილი მასალა "ფაბრიკაციის გზით იყოს შექმნილი. ასევე, საპატრიარქო ფაილების დიდ ნაწილს სიცრუეზე აგებულს უწოდებს. განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ზოგიერთი დოკუმენტი სიმართლესაც შეიცავს. 

ამავე თემას ეხებოდა 19 სექტემბერს გასული გადაცემა მთავარი აქცენტები. მთავარი არხის მტკიცებით, მათ ინტერვიუ სუს-ის მოქმედ თანამშრომელთან. პირი, რომელიც ანონიმურად რჩება, ამბობს, რომ უწყებაში სასულიერო პირების გარდა, პოლიტიკოსებს, ჟურნალისტებს, ექიმებს, ფსიქოლოგებს, ფსიქიატრებს და სხვადასხვა სფეროში დასაქმებულებს უსმენენ.

კომენტარები