ფარული მოსმენა

მეუფე გრიგოლი მასალებზე: დანაშაულია, შეიძლება გამოიწვიოს უნდობლობა, მეტი დაპირისპირება

news.ge

ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი, მეუფე გრიგოლი საპატრიარქოს შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან გამოჟონილ, სავარაუდოდ, ფარული მიყურადებით მოპოვებულ მასალებთან დაკავშირებით ამბობს, რომ "ეს არის დანაშაული სახელმწიფოებრიობის წინაშე".

მისივე თქმით, მეტი ყურადღება უნდა დაეთმოს იმ ფაქტს, რომ ქვეყანაში "ტოტალურად ყველას უსმენენ".

"კი მეღიმება მაგრამ ეს არ არის ღიმილისა და იუმორის თემა. ნაკლებ ყურადღებას უთმობენ ადამიანები იმ საშინელებას, რომ ტოტალურად ყველას უსმენენ. როცა ვახსენე მე საბჭოთა პერიოდი, მაშინ ყველას უსმენდნენ, მაგრამ ასეთი რამეები ნაკლებად კი არა და მგონი არ ხდებოდა. 

მე იმედი მაქვს, რომ უკეთეს შემთხვევაში ეს ჩვენთვის ძალიან სერიოზული გაკვეთილი იქნება სამომავლოდ. თუ, რა თქმა უნდა, ჩვენ გადავიტანეთ ეს ყველაფერი სახელმწიფოსთვის დამაზიანებელი ზემოქმედების გარეშე. ეს არის დანაშაული სახელმწიფოებრიობის წინაშე. იმიტომ, რომ ამან შეიძლება გამოიწვიოს ადამიანებში უნდობლობის გაჩენა, მეტი დაპირისპირება".- ამბობს მიტროპოლიტი. 

კითხვაზე ამ საკითხზე შეიკრიბოს უნდა თუ არა სინოდის სხდომა, მეუფე პასუხობს, რომ "რაკიღა ეს მასალა, ეს ზღვა ინფორმაცია საზოგადოებაში გადმოიღვარა, ალბათ, ეს ყველაფერი უკვე უნდა გახდეს შესაბამისი მსჯელობის საგანი ყველგან". 


13 სექტემბერს გავრცელდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან გამოჟონილი, სავარაუდოდ, ფარული მიყურადებით მოპოვებული მასალები, რომლებიც სასულიერო პირებისა და მათთან დაკავშირებული ადამიანების შესახებ ინფორმაციას შეიცავს.

გავრცელებული ფაილები მოიცავს ასობით სასულიერო და საერო პირის ფარული მიყურადებით მოპოვებულ ბრიფებსა და ყოველდღიური საუბრების ჩანაწერებს. მასალებში ასახულია მღვდელმსახურებისა და მათთან დაკავშირებული პირების ინტიმური, მათ შორის, ჰომოსექსუალური ურთიერთობები, მათ მიერ ნარკოტიკული საშუალებების მოხმარება, კორუფციაში ჩართულობა, რუსეთთან კავშირები და სხვა.

14 სექტემბერს სუს-მა გაავრცელა განცხადება, სადაც წერდა, რომ "გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელება შეურაცხყოფს სამსახურის ღირსებას". იმავე დღეს პროკურატურამ "ფარულ მოსმენებთან დაკავშირებით" გამოძიება დაიწყო და მედიას თანამშრომლობისკენ მოუწოდა.

პროკურატურამ 18 სექტემბერსაც გაავრცელა განცხადება სადაც აღნიშნულია, რომ მათ სამართლებრივი დახმარების ფარგლებში მიმართეს ამერიკის შეერთებულ შტატებს და სხვა ქვეყნებს გამოძიებით დადგენილ სერვერებზე მონაცემების შენახვის და გამოთხოვის მიზნით. 

კომენტარები