ფარული მოსმენა

GDI: ფაილებში ჟურნალისტებს და პარლამენტარს ინსპექტორის მეთვალყურეობის ქვეშ არ უსმენდნენ

COUNCIL OF EUROPE

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის (GDI) ინფორმაციით, სახელმწიფო ინსპექტორი ადასტურებს, რომ სუსი-ის ფაილებში არსებული 6 ჟურნალისტისა და პარლამენტის წევრის ფარულ მოსმენა/მიყურადებას მისი მეთვალყურეობის ფარგლებში ადგილი არ ჰქონია. 

GDI ასევე წერს, რომ  პროკურატურა ვალდებულია ჩაატაროს ეფექტიანი გამოძიება უკანონო მოსმენებთან დაკავშირებით და დასაჯოს ყველა პირი, ვინც უკანონოდ უსმენდა ადამიანების კერძო საუბრებს, მათ შორის ის პირები, ვინც ბრძანებას გასცემდნენ უკანონო მოსმენების შესახებ.

"2021 წლის 30 სექტემბერს GDI-მ მიმართა სახელმწიფო ინსპექტორს და დაცვის ქვეშ მყოფი პირების საუბრების მოსმენა/მიყურადების კანონიერების გადამოწმება მოითხოვა. 2021 წლის 11 ოქტომბრით დათარიღებული წერილში სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური აღნიშნავს, რომ მისი კომპეტენციის ფარგლებში საკითხის გადამოწმების შედეგად, მითითებულ მოსმენა/მიყურადების ფაქტებთან დაკავშირებით, არ გამოვლენილა გარემოებები, რაც განმცხადებელთა (კანონიერი მოსმენა/მიყურადების შემთხვევაში) ინფორმირების ვალდებულებას წარმოშობდა. შესაბამისად, სახელმწიფო ინსპექტორმა GDI-ს განცხადება გადააგზავნა თბილისის პროკურატურაში რეაგირებისთვის. აღნიშნული გარემოება კიდევ უფრო ამყარებს ეჭვს, რომ GDI-ს დაცვის ქვეშ მყოფი პირების მიმართ განხორციელებული მოსმენა/მიყურადება კანონიერი არ ყოფილა.

საქმე ეხება 2021 წლის 14 სექტემბერს, სხვადასხვა მედია საშუალების მეშვეობით, გავრცელებულ ინფორმაციას, საიდანაც ირკვევა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, სავარაუდოდ, უკანონოდ უსმენდა სასულიერო პირების, პოლიტიკოსების, ჟურნალისტების, ადვოკატების, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებისა და სხვა პირების პირად საუბრებს. გავრცელებული მასალის მოცულობა მიუთითებს, რომ უკანონო მოსმენებს ჰქონდა სისტემური ხასიათი.

GDI იცავს ჟურნალისტების: ქეთი ნადიბაიძის, მარტა ქურასბედიანის, მარიამ გეგუჩაძის, ნოდარ რუხაძის, თათუშა არველაძის, ნანუკა ბრეგაძისა და პარლამენტის წევრი, თიკა ბოკუჩავას ინტერესებს. ჟურნალისტებმა და პარლამენტის წევრმა გავრცელებულ მასალაში აღმოაჩინეს ინფორმაცია თავიანთი საუბრების უკანონო მიყურადების შესახებ. მათ უშუალო ზიანი მიადგათ დანაშაულის შედეგად, შეილახა მათი კერძო კომუნიკაციის ხელშეუხებლობის უფლება.

აღსანიშნავია ისიც, რომ 2021 წლის 30 სექტემბერს, GDI-მ ბენეფიციართა სახელით, დაზარალებულის სტატუსის მინიჭების მოთხოვნით, საქართველოს პროკურატურას მიმართა. აღნიშნულ მოთხოვნა პროკურატურამ პასუხი არ გასცა, მიუხედავად იმისა რომ ევალებოდა ადვოკატის მოთხოვნაზე 48 საათის განმავლობაში გამოეცა დადგენილება და დაზარალებულად ეცნო ან უარი ეთქვა, უკანონო მოსმენების მსხვერპლებისთვის, დაზარალებულის სტატუსის მინიჭებაზე. მოთხოვნის უგულებელყოფის გამო, GDI-მ 2021 წლის 8 ოქტომბერს ზემდგომი პროკურორის სახელზე წარადგინა საჩივარი და მოითხოვა უკანონო მოსმენების მსხვერპლებისთვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭება. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის უხეში დარღვევით, აღნიშნულ განცხადებაზეც დღემდე GDI-ს პროკურატურისგან პასუხი არ მიუღია.

საქართველოს პროკურატურა ვალდებულია ჩაატაროს ეფექტიანი გამოძიება უკანონო მოსმენებთან დაკავშირებით და დასაჯოს ყველა პირი, ვინც უკანონოდ უსმენდა ადამიანების კერძო საუბრებს, მათ შორის ის პირები, ვინც ბრძანებას გასცემდნენ უკანონო მოსმენების შესახებ. ამასთან, საქართველოს პროკურატურა ვალდებულია, დანაშაულის მსხვერპლებს მიანიჭოს დაზარალებულის სტატუსი, რათა მათ შეძლონ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული დაზარალებულის უფლებებით, მათ შორის საქმის მასალების გაცნობის ან/და საქმის მასალების ასლების მიღების უფლებით სარგებლობა". - ვკითხულობთ GDI-ის განცხადებაში.

13 სექტემბერს გავრცელდა, სავარაუდოდ, ფარული მიყურადებით მოპოვებული მასალები, რომლებიც სასულიერო პირებისა და მათთან დაკავშირებული ადამიანების შესახებ ინფორმაციას შეიცავს.

გავრცელებული ფაილები მოიცავს ასობით სასულიერო და საერო პირის ფარული მიყურადებით მოპოვებულ ბრიფებსა და ყოველდღიური საუბრების ჩანაწერებს. მასალებში ასახულია მღვდელმსახურებისა და მათთან დაკავშირებული პირების ინტიმური, მათ შორის, ჰომოსექსუალური ურთიერთობები, მათ მიერ ნარკოტიკული საშუალებების მოხმარება, კორუფციაში ჩართულობა, რუსეთთან კავშირები და სხვა.

გავრცელებული მასალებით, რომელიც, სავარაუდოდ, სუს-ის მიერ ფარული მოსმენებით მიღებულ ინფორმაციას ასახავს, დგინდება, რომ სუს-ი ელჩებსაც უსმენს. მასალებით, სუს-ი უსმენდა კელი დეგნანს, კარლ ჰარცელსა და რან გიდორს. ფორმულას ინფორმაციით, უწყება კარლ ჰარცელს არა მხოლოდ სასულიერო პირებთან, არამედ საკუთარ თანაშემწესთან საუბრის დროსაც უსმენდა. 

14 სექტემბერს სუს-მა გაავრცელა განცხადება, სადაც წერდა, რომ "გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელება შეურაცხყოფს სამსახურის ღირსებას". იმავე დღეს პროკურატურამ "ფარულ მოსმენებთან დაკავშირებით" გამოძიება დაიწყო და მედიას თანამშრომლობისკენ მოუწოდა.

საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა 22 სექტემბერს თქვა, რომ უსაფრთხოების სამსახურის მიერ სავარაუდო ფარულ მოსმენებთან და მიყურადებით მოპოვებულ ფაილებთან დაკავშირებით საქართველოს ელჩი ევროკავშირში ვახტანგ მახარობლიშვილი ბრიუსელის სათავო ოფისში დაიბარეს. ჰარცელმა ელჩების მოსმენაზე ასევე აღნიშნა, რომ "არ არის ბუნებრივი ასეთი დამოკიდებულება პარტნიორი ქვეყნის მხრიდან".

კომენტარები