ფარული მოსმენა

მამალაძე: მოსმენების საქმეზე მე და ჩემი ძმა პროკურატურამ დაზარალებულად გვცნო

საქართველოს პროკურატურამ დეკანოზი გიორგი მამალაძე და მისი ძმა, თორნიკე მამალაძე სუს-ის კრებსების საქმეზე დაზარალებულად ცნო. ინფორმაციას თორნიკე მამალაძე ავრცელებს.

"მე და ჩემი ძმა პროკურატურამ დაზარალებულად გვცნო მოსმენების საქმეზე". - დაწერა მან Facebook-ზე. 

ფაილები, რომლებიც, სავარაუდოდ, სუს-ის მიერ სასულიერო პირებისა და მათთან დაკავშირებული მოქალაქეების ფარული მოსმენით მიღებულ ინფორმაციას ასახავს, 2021 წლის 13 სექტემბერს გავრცელდა.

ფაილები მოიცავს ასობით სასულიერო და საერო პირის ფარული მიყურადებით მოპოვებულ ბრიფებსა და ყოველდღიური საუბრების ჩანაწერებს. მასალებში ასახულია მღვდელმსახურებისა და მათთან დაკავშირებული პირების ინტიმური, მათ შორის, ჰომოსექსუალური ურთიერთობები, მათ მიერ ნარკოტიკული საშუალებების მოხმარება, კორუფციაში ჩართულობა, რუსეთთან კავშირები და სხვა. 

გავრცელებული მასალებით, რომელიც, სავარაუდოდ, სუს-ის მიერ ფარული მოსმენებით მიღებულ ინფორმაციას ასახავს, დგინდება, რომ სუს-ი ელჩებსაც უსმენს. მასალებით, სუს-ი უსმენდა კელი დეგნანს, კარლ ჰარცელსა და რან გიდორს. ფორმულას ინფორმაციით, უწყება კარლ ჰარცელს არა მხოლოდ სასულიერო პირებთან, არამედ საკუთარ თანაშემწესთან საუბრის დროსაც უსმენდა. 

თუმცა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური კრებსებს "გადაუმოწმებელ ინფორმაციას" უწოდებს - 14 სექტემბერს უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ "გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელება შეურაცხყოფს სამსახურის ღირსებას". საქართველოს პროკურატურამ კი "ფარულ მოსმენებთან დაკავშირებით" გამოძიება დაიწყო და მედიას თანამშრომლობისკენ მოუწოდა.

კომენტარები