ფარული მოსმენები

ნოდარ მელაძე სუს-ის დოკუმენტებთან დაკავშირებით პროკურატურაში დაიბარეს

ნოდარ მელაძე
ტვ პირველი

ტელეკომპანია პირველის საინფორმაციო სამსახურის უფროსი, ნოდარ მელაძე სავარაუდოდ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს) ფაილებთან დაკავშირებით, პროკურატურაში დაიბარეს.

მელაძის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ყველა ის ადამიანი დაისაჯოს, რომლებიც ჟურნალისტებისა და სასულიერო პირების მოსმენებში იყო ჩართული. ის ასევე ამბობს, რომ პროკურატურის კითხვების მიხედვით გაირკვევა, სურთ თუ არა მათ ამ ადამიანების დაკავება, თუ მასალების გამავრცელებელ ადამიანებს ეძებენ.

"თბილისის პროკურორი დამიკავშირდა და მითხრა, რომ უნდოდათ ჩვენი გამოკითხვაზე დაბარება ჩანაწერების გავრცელებასთან დაკავშირებით, რომელიც კავშირდება საქართველოში ტოტალურ მოსმენებს - მღვდლების, მონაზვნების, ეპისკოპოსების და პატრიარქის გარემოცვის. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ჟურნალისტებს კანონი გვანიჭებს უფლებას, რომ ჩვენი ჟურნალისტური საქმიანობის ფარგლებში მოპოვებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით ჩვენება არ მივცეთ საგამოძიებო უწყებებს, მიუხედავად იმისა, რომ ახლაც ძალიან ბევრი საქმე მაქვს სამსახურში და საინფორმაციო გამოშვებები მაქვს გასაკეთებელი, მყისიერად ვაცნობე პროკურატურას, რომ მოვიდოდი და მივცემდი ჩვენებას, იმიტომ რომ დღეს ყველასთვის მნიშვნელოვანია სასწრაფოდ მისცეს ხელისუფლებამ პასუხისგებაში ყველა ის ადამიანი, ყველა ის მაღალჩინოსანი, ვინც ჩვენ ჟურნალისტებს გვისმენდა, ვინც უსმენდა მღვდლებს, მონაზვნებს, ეპისკოპოსებს, პატრიარქის გარემოცვას, საპატრიარქოში დასაქმებულ ადამიანებს", - თქვა მელაძემ.

13 სექტემბერს, სავარაუდოდ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი თანამშრომლის მიერ გავრცელდა დოკუმენტები, რომლებიც სასულიერო პირებისა და მთთან დაკავშირებული ადამიანების შესახებ, სავარაუდოდ, ფარული მიყურადებით მოპოვებულ ინფორმაციას შეიცავს.

ფაილები მოიცავს ასობით სასულიერო და საერო პირის ფარული მიყურადებით მოპოვებულ ბრიფებსა და ყოველდღიური საუბრების ჩანაწერებს. მასალებში ასახულია მღვდელმსახურებისა და მათთან დაკავშირებული პირების ინტიმური, მათ შორის, ჰომოსექსუალური ურთიერთობები, მათ მიერ ნარკოტიკული საშუალებების მოხმარება, კორუფციაში ჩართულობა, რუსეთთან კავშირები და სხვა.

ნოდარ მელაძემ იმავე დღეს თქვა, რომ ფაილებში მისი სატელეფონო მოსმენის შიფრებია, კერძოდ კი საუბარი ბოდბელ ეპისკოპოს იაკობთან, მამა ანდრია სარიასთან და მეუფე ნიკოლოზთან.

14 სექტემბერს სუს-მა გაავრცელა განცხადება, სადაც წერდა, რომ "გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელება შეურაცხყოფს სამსახურის ღირსებას". იმავე დღეს პროკურატურამ "ფარულ მოსმენებთან დაკავშირებით" გამოძიება დაიწყო და მედიას თანამშრომლობისკენ მოუწოდა

კომენტარები